17 მაისი

NGO-ები: გვსურს, 17 მაისს, ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, "სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტივისტებს გვსურს, 2015 წლის 17 მაისს, ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ". როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, მათი მიზანია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვნების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. NGO-ები შსს-ს მიმართავენ, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და ეფექტურად აღკვეთოს ძალადობა. არასამთავრობოების განცხადებით, 17 მაისს საზოგადოებასა და ხელისუფლებას 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გააცნობენ.

"წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია. ასევე, მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს ის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი აქტივობის ორგანიზებასთან. იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აღნიშნავენ, რომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, "სხვადასხვა სექსუალური უმცირესობის ფუნდამენტურ უფლებათა შესახებ კამპანიის წარმოებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, კონვენცია გამოხატვის საჯარო ფორმებს იცავს, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას".

განცხადებას ხელს აწერს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); იდენტობა; კონსტიტუციის 42 მუხლი; მედიის განვითარების ფონდი (MDF); მრავალეროვანი საქართველო (PMMG); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთასორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF).

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ ადამიანებს 2012 და 2013 წლებში არ მიეცათ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, 2014 წელს კი, მათ მაღალი რისკების გამო არ ჩაატარეს საჯარო აქტივობა.

კომენტარები