ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გლოველი: ვაპროტესტებთ იმას, რომ განათლების სამინისტრო არაფერს გვეკითხება

შალვა გლოველი
თეორემა/ტაბულა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის შალვა გლოველის განცხადებით, თანამშრომლების პროტესტი არა კონკრეტულად ზაზა აბაშიძის პიროვნებას, არამედ იმას უკავშირდება, რომ ცენტრის საკითხებს ისე აგვარებენ, თანამშრომლებს აზრს არ ეკითხებიან. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"ჩვენი პრობლემა არის ცალსახა - ტოტალურად ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლობა, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არის საარსებო, სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის. არ არის საუბარი ზაზა აბაშიძეზე პიროვნულად. ჩვენს საკითხებს რომ აგვარებენ სხვაგან ისე, რომ ჩვენ არ გვეკითხებიან, ამას ვაპროტესტებთ. ეს კონკურსი ამ ურთიერთობის დროს იყო დამაგვირგვინებელი ეტაპი, თორემ გაცილებით ადრე დაიწყო ამ ურთიერთობებში პრობლემები და გაცილებით ადრე დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ის საკითხები, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა გადაწყდეს კამათის, საუბრების, დისპუტის ფონზე, სადღაც წყდება", - თქვა გლოველმა.

შეგახსენებთ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დღეს დილიდან გაფიცულები არიან. დახურულია სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები, საცავები და ბიბლიოთეკა, გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება. ისინი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შეცვლას აპროტესტებენ. გაფიცულები უნდობლობას იმ კომისიას უცხადებენ, რომელმაც ყოფილი დირექტორის ბუბა კუდავას ზაზა აბაშიძით შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ისინი ამბობენ, რომ კომისიის წევრთა უმეტსობა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების წარმომადგენელი იყო.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები კანონის იმ ნორმის გაუქმებასაც ითხოვენ, რომელიც 2011 წლიდან არსებობს და რომლის მიხედვითაც სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომლებს დირექტორის არჩევის უფლება ჩამოერთვათ.

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე კი ამბობს, რომ ზაზა აბაშიძეს კომისიის წევრებთა მისი პროტექცია არ სჭირდება, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების განცხადებები კი შეურაცხმყოფელია.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დიექტრორად ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაინიშნა, თუმცა, თანამშრომლების პროტესტის გამო ცენტრში ის ამ დრომდე არ მისულა. 

კომენტარები