ვიზალიბერალიზაცია

მთავრობა: გერმანია ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას გვიცხადებს

გერმანია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

"საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა. ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს, რომ გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ გერმანია, საქართველოს დონორებს შორის, მეორე ადგილზეა", - აღნიშნავს მთავრობის ადმინისტრაცია.

საქართველოს პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტსაც შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალსა და გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზე ისაუბრეს. მათ საქართველოსა და საფრანგეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

კომენტარები