საოკუპაციო ხაზი

აბაშიძე: საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება 2008 წლის ომის შედეგია

ზურაბ აბაშიძე

"ჩვენ ევროპულ პროექტს ეფექტურად და ოსტატურად ვახორციელებთ ისე, რომ რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში არ შევდივართ", - ეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა. ზურაბ აბაშიძის თქმით, საოკუპაცო ხაზთან არსებული ვითარება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგია. მისივე ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან გატაცებების საკითხს დღეს ერგნეთში ოთხმხრივ შეხვედრაზე განიხილავენ.

"ეს გახლავთ იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც დაგვიტოვა 2008 წლის აგვისტოს ომმა. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებამ და იმ ფაქტმა, რომ რუსეთი აი, ამ საოკუპაციო ხაზს თვლის სახელმწიფო საზღვრად, ეს არის ძალიან მწარე, ძალიან მძიმე რეალობა. რაც შეეხება ევროპულ პროექტს, ჩვენ მას ვახორციელებთ ძალიან ეფექტურად და ოსტატურად ისე, რომ ზედმეტად სახიფათო კონფრონტაციაში რუსეთთან არ შევდივართ. ამას ხედავენ დასავლეთშიც, ამას ხედავენ ჩვენშიც და ამას ხედავენ ჩვენი ოპონენტებიც. რამდენადაც ვიცი, დღეს ერგნეთში იქნება შეხვედრა. მოგეხსენებათ, რომ ჟენევის ფორმატის ფარგლებში არსებობს სპეციალური მექანიზმი და ალბათ ეს კონკრეტული საკითხი მანდ იქნება მთელი სიმწვავითა და კონკრეტულად განხილული", - თქვა ზურაბ აბაშიძემ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გრემისხევიდან გუშინ კიდევ ერთი ადამიანი, 42 წლის გია სოლაშვილი გაიტაცეს. ამის მიზეზი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა გახდა. ის, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. გია სოლაშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში გატაცებული მე-5 ადამიანია. 

კომენტარები