26 მაისი

პრეზიდენტი: დღეს მომავალ გამარჯვებებსაც ვზეიმობთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

200-მა წვევამდელმა თავისუფლების მოედანზე ფიცი დადო. საქართველოს პრეზიდენტმა პატაკი ჩაიბარა. ამის შემდეგ კი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"ნოე ჟორდანია - საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ამბობდა, შეხვდით 26 მაისს და თქვენ დაინახავთ, რა ძალა აქვს თავისუფლებას.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ თავისუფლებას ვერავის წაართმევ.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ 1991 წლის და 1918 წლის 26 მაისს. დღეს ასევე ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთ გამარჯვებას, ვზეიმობთ მაშინ, როდესაც ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზ მეფემ გადაწყვიტეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, როდესაც ბაგრატ მესამემ გააერთიანა საქართველო, დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა თბილსი და გიორგი ბრწყინვალემ კიდევ ერთხელ გააერთიანა ჩვენი სამშობლო. 

ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ დიდ მამულიშვილებთან ერთად, რომლებმაც მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე შესწირეს ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევას. ამიტომ, დღეს ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოს ისტორიას, რომელიც სიამაყით გვავსებს. 

ქედს ვიხრით იმ მამულიშვილების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლით, შრომითა და შემოქმედებით გახადეს შესაძლებელი დღვანდელი თავისუფალი, დამოუკიდებლი საქართველო. 

ამ დღისითვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა, ჩვენ დღეს მადლობელი ვართ მათი. ამავე დროს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს. დღეს აქ მდგომნი, ჩვენი შთამომავლები, ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებებს, სიძლიერესა და გამთლიანებას მოესწრებიან. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები