ობამა-სტოლტენბერგის შეხვედრა

ობამა: რუსეთი უკრაინაში აგრესიულ პოზიციას აძლიერებს

AP

"რუსეთი უკრაინაში სულ უფრო აგრესიულ პოზიციას იკავებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა. მათ მხარეებს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. ამერიკის პრეზიდენტმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და სხვა გლობალურ საფრთხეებზე იმსჯელეს.

"გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე და რუსეთის სულ უფრო აგრესიულ პოზიციაზე. ჩვენ დავადასტურეთ, რომ NATO არა მხოლოდ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების, არამედ გლობალური უსაფრთხოების ქვაკუთხედია", - თქვა ობამამ.

"ვისაუბრეთ ყირიმზე, უკრაინასა და მინსკის შეთანხმების სრულად შესრულების მნიშვნელობაზე. ეს არის გზა მშვიდობისკენ და მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, სრულად შეასრულონ შეთანხმება, რუსეთმა კი უნდა შეწყვიტოს სეპარატისტთა დახმარება და საკუთარი ძალები უკრაინიდან გაიყვანოს", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები