ბიძინა ივანიშვილის როლი

გიგაური: ხელისუფლების მთავარ გამოწვევად არაფორმალური მმართველობა რჩება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, ხელისუფლების მთავარ გამოწვევად არაფორმალური მმართველობა რჩება, რაც გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. ამის შესახებ მან მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ არასამთავრობოების კონფერენციის დაწყებამდე ისაუბრა.

"აღმასრულებელი ხელისუფლება დგას იმ გამოწვევის წინაშე, რომ ჩვენ გვაქვს არაფორმალური მმართველობა, რაც თავისთავად გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ პარლამენტმა ეფექტურად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი. მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არჩეულ იქნენ კონკრეტულ თანამდებობებზე, რადგანაც მათ განსაკუთრებული ყურადღება და როლი უნდა მიანიჭონ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ინსტიტუტებს და არა ადამიანებს, რადგანაც ისინი პასუხისმგებლები არიან მოსახლეობის წინაშე. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის რეფორმა, რომელიც სიღრმისეულად უნდა ჩატარდეს და ძალიან ეფექტურად", - თქვა გიგაურმა.

არაფორმალურ მმართველობას გამოწვევად მიიჩნევს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილიც.

"რჩება სერიოზული გამოწვევები. მაგალითად, არაფორმალური მმართველობის ნიშნები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის გადაწყვეტილებებზე ყოფილი პრემიერმინისტრის გავლენაზე, რაც იმედი გვაქვს, რომ დროსთან ერთად შემცირდება", - თქვა ხუციშვილმა.

კომენტარები