პრეზიდენტის რეზიდენცია

პრემიერი ათონელის რეზიდენციაზე: იმედია, პრეზიდენტი გონივრულად იმოქმედებს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს". ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მთავრობა "მკვეთრ მოქმედებას" ვერ გააკეთებს. 

"იყო მსჯელობა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა ამ შენობასთან მიმართებით. ვფიქრობ, ჩვენ, სახელმწიფომ და მთავრობამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან, რადგან არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი და სხვა ყველაფერი, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ჩვენ რაიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებაზე დავიწყოთ ფიქრი და რაიმე მკვეთრი რეაგირება მოვახდინოთ ვინაიდან, ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მისასალმებელი იქნება, თუკი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციის გამოყენებაზე უარს არ იტყვის. 

"ეს შენობა მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის, რისთვისაც 26 მილიონი დაიხარჯა. თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა მას საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა მართლაც მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და ჩვენ მთავრობა რაიმე მკვეთრ მოქმედებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მითუმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით, ასე რომ, იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები