კოაბიტაცია

ტიტანები, ორი ბატონი, დირექტორი და კონსტიტუცია საჩუქრად: კოაბიტაციის ქართული თავისებურებები

თორნიკე ზურაბაშვილი
0 კომენტარი

2015 წლის 27 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დეპუტატებს, მთავრობის წევრებსა და სასამართლოს წარმომადგენლებს კონსტიტუცია უსახსოვრა და ამით, პოლიტიკოსებს კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდა. რა პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუციის ჩუქებას?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება. გარდამავალ პერიოდს პოლიტიკური სისტემისთვის უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წნეხთან ერთად, ვითარებას საგრძნობლად ართულებდა ისიც, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა, პოლიტიკური მეცნიერების ენაზე კი, „კოაბიტაცია" ანუ „თანაარსებობა" მოქმედებდა. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების კიდევ ერთი გამოცდა 2013 წელს კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამ გამოიწვია; ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსის ცვლილებამ ახალი სული შთაბერა აღმასრულებელი ხელისუფლების ორ ინსტიტუტს - მთავრობასა და პრეზიდენტს - შორის მიმდინარე კონფრონტაციას.

მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო ინსტიტუტებს შორის არსებული უთანხმოება დღემდე მეტ-ნაკლებად მშვიდობიანია, ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლება პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს და ქვეყნისთვის არასასურველად განვითარდეს. ამიტომ, განვლილი წლების სწორი ანალიზი და შესაძლო გართულებების წინასწარ განსაზღვრა სახელისუფლებო ინსტიტუტებს შორის არსებული დაპირისპირების მართვაზე ფიქრის დაგვიანებული, თუმცა საჭირო დასაწყისია.

ტიტანების შერკინება: სააკაშვილისა და ივანიშვილის კონფლიქტური თანაარსებობა

2012 წლის არჩევნების შედეგად, სახელისუფლებო ინსტიტუტებს შორის არსებული ძალთა ბალანსი რადიკალურად შეიცვალა. თუ მანამდე, აღმასრულებელი ხელისუფლების უპირობო მეთაური პრეზიდენტი იყო, არჩევნების შემდგომ, მთავრობა პრეზიდენტის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის მიერ დაკომპლექტდა და ამით, საგრძნობლად შემცირდა პრეზიდენტის გავლენა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება, პოლიტიკური ელიტისთვის და საზოგადოებისთვის ისეთივე უცხო აღმოჩნდა, როგორც ძალაუფლების არჩევნების გზით ცვლილება და თავად სიტყვა „კოაბიტაცია". საქმეს ართულებდა აღმასრულებელი ხელისუფლების ორ - „საპრეზიდენტო" და „სამთავრობო" - კომპონენტს შორის უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნის არარსებობაც. ამიტომ, არავისთვის ყოფილა მოულოდნელი, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის თანაარსებობა, პრობლემებით და ურთიერთბრალდებებით გაჯერებული აღმოჩნდებოდა.

ივანიშვილისა და სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირისპირებას, ცნობილმა მკვლევარმა ტომას დე ვაალმა „მითიურ ტიტანთა შერკინება" უწოდა. ეს საკმაოდ ენამახვილური მეტაფორა, პრემიერად ქცეული ივანიშვილისა და პრეზიდენტ სააკაშვილის ურთიერთობის საუკეთესო მახასიათებელიცაა: კონსტიტუციურად და პოლიტიკურად თანაბრად ძლიერი და ამბიციური პიროვნებების ჭიდილი უკიდურესად რთული აღმოჩნდა საქართველოს მყიფე პოლიტიკური სისტემისათვის.

პირველმა უთანხმოებამ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში იჩინა თავი. ივანიშვილმა სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა და იმპიჩმენტით დაიმუქრა. პრემიერის საპასუხოდ კი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის მიერ ახალი მთავრობის დაკომპლექტების პროცესის „გაწელვის" შესაძლებლობაზე მიანიშნა. პოლიტიკური ლიდერების თავდაპირველი განცხადებების მიუხედავად, მხარეებს შორის ძალაუფლების გადაბარებაზე დიალოგი წარმატებით დასრულდა, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა ქართული კონსტიტუციონალიზმისა და არჩევნების ისტორიაში. სამწუხაროდ, დადებითი დასაწყისის მიუხედავად, თანაარსებობის განმავლობაში კონფლიქტის ეპიზოდები სჭარბობდა თანამშრომლობას.

პირველი სერიოზული დაპირისპირება პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხს მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის სასახლეს, ხარჯების „ოპტიმიზაციის" მიზნით, დაფინანსება შეუმცირდა. რეზიდენციის მსგავსად, დაფინანსება შეუმცირდა ეროვნულ უშიშროების საბჭოსაც, რომელიც თანაარსებობის განმავლობაში სხვა მხრივად საგრძნობლად დაზარალდა: ერთი წლის განმავლობაში, უშიშროების საბჭოს მხოლოდ ორი სხდომა გაიმართა და მას არცერთხელ დასწრებია პრემიერი ივანიშვილი.

მმართველი ძალის დაპირების მიუხედავად, პრეზიდენტს არ მიეცა საშუალება, პარლამენტის ტრიბუნიდან წარედგინა დეპუტატებისადმი და მოსახლეობისადმი ყოველწლიური მოხსენება.
თანაარსებობის კიდევ ერთი თავისებურება, პრეზიდენტის გაზრდილი საპარლამენტო აქტიურობა იყო. საპარლამენტო ტრიბუნას სააკაშვილი საკმაოდ ხშირად იყენებდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად. ერთი წლის განმავლობაში, მან 11 ვეტო გამოიყენა, რომელთაგან უკლებლივ ყველა დაძლია პარლამენტმა.

სააკაშვილი აქტიური იყო მედიაშიც. სხვადასხვა დროს, მან საჯაროდ გააკრიტიკა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომის, ლაფანყურის სპეცოპერაციის, ევრაზიული კავშირის, რუსეთთან თანამშრომლობისა და აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის თაობაზე გაკეთებული განცხადებები.

იმ სფეროთაგან, სადაც დაპირისპირებულ მხარეთა თანამშრომლობა იყო საჭირო, მეტ-ნაკლებად კონსენსუსით განხორციელდა ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურები. იგივე შეიძლება ითქვას გენერალური შტაბის უფროსის და მოადგილის დანიშვნასთან დაკავშირებითაც. პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა კონსტიტუციური ცვლილებებიც პრეზიდენტისთვის პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნის უფლების ჩამორთმევის თაობაზე და ამით, პოლიტიკური კრიზისის შექმნის თეორიული შესაძლებლობაც გამოირიცხა.

ნეიტრალური პრეზიდენტი და თანაარსებობის ახალი ეტაპი: ღარიბაშვილი და მარგველაშვილი

ერთ-ერთი საპარლამენტო გამოსვლისას, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საკმაოდ ხატოვნად აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო „ორი ბატონის მსახურება". მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილმა კარლო გოლდონის ეს უკვდავი პიესა სრულიად სხვა შინაარსით და გაზრახვით ახსენა, ის მაინც ზედმიწევნით კარგად ახასიათებს ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკებში აღმასრულებელი ხელისუფლების ორსახოვნების სირთულეებს; ნახევრადსაპრეზიდენტო კონსტიტუციები უპასუხოდ ტოვებენ კითხვას, თუ ვინ არის აღმასრულებელი ხელისუფლების „ბატონი".

სწორედ ამიტომ მოხდა, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მიუხედავად, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის აზრთა სხვადასხვაობამ კვლავ იჩინა თავი და ინსტიტუციური დაპირისპირების ახალ ეტაპს მიეცა ბიძგი.
ვითარებას, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების საფუძველი იდეოლოგიური არ არის, ანუ როდესაც მთავრობას უპარტიო/ნეიტრალური პრეზიდენტი ან მმართველი პარტიის/კოალიციის წარმომადგენელი პრეზიდენტი უპირისპირდება, პოლიტიკური მეცნიერები „აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულ კონფლიქტად" მოიხსენიებენ. ტერმინოლოგიური სხვაობის მიუხედავად, შინაარსით ის კოაბიტაციის იდენტურია და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულ უთანხმოებას აღწერს. ამიტომ, კოაბიტაციის ქართულ თავისებურებებზე მსჯელობა შეუძლებელია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით დასრულდეს.

დღევანდელი მოცემულობით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად გიორგი მარგველაშვილი კოალიცია ქართული ოცნების გუნდის წევრია, იგი პოლიტიკურად მაინც დაშორებულია მმართველი ძალისაგან და მისი ადმინისტრაცია დამოუკიდებელ ინსტიტუტად ფუნქციონირებს. შესაბამისად, მისი პრეზიდენტობის ვადის, როგორც პოლიტიკური „თანაარსებობის" გაგრძელების განხილვა, სწორი და მიზანშეწონილია. ევროპულ კონტექსტში, „არაპარტიული" კოაბიტაციები არცთუ ისე იშვიათია; პრემიერ დიმიტროვისა და პრეზიდენტ ჟელევის, პრემიერ რომანისა და პრეზიდენტ ილიესკუს, პრემიერ ოლშევსკისა და პრეზიდენტ ვალესას დაპირისპირებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული „არაპარტიული" კონფლიქტის არასრული მაგალითია.

მარგველაშვილისა და ქართული ოცნების პირველი საჯარო დაპირისპირება „მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადების შესახებ" კანონპროექტზე წარმოიშვა. პრეზიდენტი კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხს განიხილავდა, რამაც მთავრობის და ყოფილი პრემიერის გულისწყრომა გამოიწვია. კონფლიქტის გაღვივებას ხელი შეუწყო ავლაბრის რეზიდენციის თემამაც. რეზიდენციის საკითხზე, ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა პრეზიდენტი ორჯერ გააკრიტიკეს: პირველად, როდესაც მარგველაშვილმა უარი თქვა კანცელარიაში საქმიანობაზე და ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა, ხოლო მეორედ, მას შემდეგ, რაც ათონელის რეზიდენციის მშენებლობა დასრულდა.

განსაკუთრებით მწვავე დავის საგანი აღმოჩნდა ის, თუ ვინ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. მარგველაშვილის მოსაზრებით, რადგანაც კონსტიტუციით საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ხელმოწერა პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, „უპრიანი" იქნებოდა, თუ ასოცირების ხელშეკრულებასაც პრეზიდენტი მოაწერდა ხელს. მარგველაშვილის შეხედულება არ გაიზიარეს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთა გადაწყვეტილებით, ასოცირების ხელშეკრულებას პრემიერმა ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.

მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა გაეროში საქართველოს დელეგაციის გამგზავრების საკითხიც. შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობისას, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით, როგორც წესი, პრეზიდენტი გამოდიოდა. 2014 წელს კი, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გაეროში ქვეყანას პრემიერმინისტრი წარმოადგენდა. ის დაესწრებოდა გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტს და სხვა ღონისძიებებსაც. მარგველაშვილი არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და გაეროში ვიზიტის მომზადება გააგრძელა.

კამათი მას შემდეგ დასრულდა, რაც მასში ყოფილი პრემიერი ჩაერთო; ივანიშვილმა მარგველაშვილი მთავრობის „კონკურენტად" განხილვასა და მისი საქმიანობის ხელშეშლაში დაადანაშაულა. ამ განცხადებიდან მცირე ხანში, პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩაიშალა. პრეზიდენტმა მთავრობა კონსტიტუციის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ ხელისუფლების დემოკრატიული დანაწილება არავის „დირექტორობას" არ უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა არ განუმარტია, კონკრეტულად ვის გულისხმობდა „დირექტორში" - მოქმედ თუ ყოფილ პრემიერმინისტრს.

გაურკვევლობა წარმოიშვა რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის შესახებაც. ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ სურვილის შემთხვევაში მზად იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად, ჯერ მარგველაშვილი გამოეხმაურა და შემდეგ ღარიბაშვილი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პუტინთან მისი შეხვედრის საკითხზე პოზიცია, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პარტნიორებთან მსჯელობის შედეგად უნდა შემუშავებულიყო. ღარიბაშვილის განცხადებით კი, ის, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, მზად იყო პირდაპირი დიალოგისთვის.

ისევე, როგორც ეს სააკაშვილისა და ივანიშვილის მმართველობისას მოხდა, ეროვნული უშიშროების საბჭოს ბედი ამჯერადაც არასახარბიელოდ წარიმართა. პრეზიდენტად არჩევიდან დღემდე, მარგველაშვილმა ორჯერ მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭო. ორიდან ერთს პრემიერი არ დასწრებია. ეროვნული უშიშროების საბჭოს პარალელურად, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც პრემიერმინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს და ბევრ საკითხში უშიშროების საბჭოს ფუნქციების დუბლირებას ახდენს.

საგულისხმოა, რომ უშიშროების საბჭოს გარშემო განვითარებული მოვლენები მსგავსებას ავლენს 1980-იანი წლების პორტუგალიასთან. პორტუგალიის მაშინდელ პრეზიდენტ რამალიო იანესსა და მთავრობას შორის არსებული უთანხმოების გამო, ამ უკანასკნელმა ერთიორად შეამცირა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. სხვა მრავალ შეზღუდვასთან ერთად, პრეზიდენტის მართულ უშიშროების საბჭოს შეუმცირდა უფლებამოსილებები და ის ახლადშექმნილ ეროვნული თავდაცვის საბჭოს გადაეცა.

მთავრობისა და პრეზიდენტის ურთიერთობისგან განსხვავებით, წარმატებული შეიძლება ეწოდოს პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთობას. მარგველაშვილმა მხოლოდ ორჯერ ისარგებლა ვეტოს უფლებით, რაც საგრძნობლად ჩამოუვარდება მიხეილ სააკაშვილის მაჩვენებელს. მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ორჯერ წარდგა (ორჯერვე მთავრობის დაუსწრებლად). პარლამენტმა მარგველაშვილს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შესახებ საგანგებო საპარლამენტო მიმართვის გაკეთების შესაძლებლობაც მისცა.

ინსტიტუციური კონფლიქტის მართვის ევროპული გამოცდილება

პრეზიდენტებისა და მმართველ ძალას შორის ურთიერთობების ანალიზი ცხადყოფს, რომ ინსტიტუციური კონფლიქტის მთავარი მამოძრავებელი ძალაუფლების განაწილება იყო. პრეზიდენტები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მთავრობის მიერ მათი გავლენის შეკვეცის სურვილს და ფართოდ იყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კონსტიტუციურ და პოლიტიკურ ბერკეტებს. დავის ძირითადი მიზეზი კი თავდაცვის, უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობები იყო, რაც ბუნებრივიცაა: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციები სამივე სფეროში იკვეთება და უცნობია, ვინ არის პოლიტიკური სისტემის „ბატონი" ანუ ვის ხელშია ე. წ. ბოლო სიტყვის უფლება (Residual Right).

ხელისუფლების ორაზროვნება თავდაცვის, უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით საზიანოა. განსხვავებული საგარეო პოლიტიკური გზავნილები და ბუნდოვანება იმაზე თუ ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები თავდაცვის და უშიშროების სფეროში, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას.

მიუხედავად იმისა, რომ უთანხმოება საფრთხის შემცველ დონემდე ჯერ არ მისულა, ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლება უმართავ კონფლიქტში გადაიზარდოს და ქვეყნისთვის არასასურველი შედეგით დასრულდეს. ეს კი განსაკუთრებით საგულისხმოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით. პრობლემის სიმწვავის სრულად აღსაქმელად ისიც კი საკმარისია, რომ მცირე გამონაკლისების მიუხედავად, უმაღლეს მთავარსარდალსა და თავდაცვის მინისტრებს შორის ურთიერთობა ფაქტობრივად არ არსებობს; არ ფუნქციონირებს ეროვნული უშიშროების საბჭო და უცნობია, საჭიროების შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს მეშვეობით მოხდება სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია თუ უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მიერ.

ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის მხარეებმა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და უზრუნველყონ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ბევრი რამ დაუგეგმავად, პრაქტიკით მოგვარდება, მაგრამ ისეთ საკითხებში, სადაც მცირედი გადაცდომაც კი სავალალო შედეგით შეიძლება დასრულდეს, წინასწარი მსჯელობაა საჭირო. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებშიც, საქართველოს მსგავსად, ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელის პრემიერ-საპრეზიდენტო ტიპი მოქმედებს.

საქართველოს მსგავსი სირთულეები წარმოიშვა საფრანგეთში, 1986-88 წლებში, პრეზიდენტ მიტერანისა და პრემიერმინისტრ შირაკის კოაბიტაციისას. პოლიტიკური ლიდერები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ ვის უნდა წარმოედგინა საფრანგეთი საერთაშორისო შეხვედრებზე. კონსტიტუციის თანახმად, ერთი მხრივ, პრეზიდენტი იყო ევროპული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გარანტორი, ხოლო, მეორე მხრივ, იგივე კონსტიტუცია მთავრობას აკისრებდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის უფლებამოსილებას. ფრანგებმა პრობლემის გადაწყვეტის შემოქმედებითი უნარი გამოიჩინეს: იქ სადაც უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა, მხოლოდ პრეზიდენტი ესწრებოდა და იქ სადაც ვაჭრობის საკითხებზე მსჯელობდნენ, პრეზიდენტიც და პრემიერიც.

იგივე პრობლემა წარმოიშვა პოლონეთშიც, რომელმაც კომუნისტური მმართველობის დასრულებიდან დღემდე კოაბიტაციის შვიდი ეპიზოდი გამოიარა. პრემიერმინისტრ ტუსკის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი კაჩინსკი დაჟინებით მოითხოვდა ევროპული საბჭოს 2008 წლის ოქტომბრის სამიტზე დასწრებას. სწორედ ამ სამიტზე განიხილავდნენ საქართველოს საკითხს და კაჩინსკის სიჯიუტეც, გარკვეულწილად, ამითაც შეიძლება აიხსნას. საქმე იქამდე მივიდა, რომ პრემიერმა ტუსკმა პრეზიდენტს სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობის ნება არ დართო. საბოლოოდ, პრეზიდენტმა კაჩინსკიმ დელეგაციაში ფინანსთა მინისტრ იაცეკ როსტოვსკის მიერ დათმობილი ადგილით ისარგებლა და დაქირავებული თვითმფრინავით გაემგზავრა ბრიუსელში.

გაუგებრობის მიზეზი აქაც კონსტიტუციაა. პოლონეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ხელს აწერს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და საგარეო ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თანამშრომლობს. ამავდროულად, კონსტიტუციის თანახმად, პოლონეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას პრემიერმინისტრი წარმართავს. ეპიზოდური კონფლიქტების მიუხედავად, პრობლემა პოლონელებმაც წარმატებით გადაწყვიტეს: როგორც წესი, თუ შეხვედრა სხვა ქვეყნის პრემიერმინისტრთან იმართება, მას პრემიერი ხვდება, ხოლო თუ პრეზიდენტთან, მას პრეზიდენტი ესწრება. მაგალითად, პრემიერი ესწრება ევროპული საბჭოს შეხვედრებს, ხოლო ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს პოლონეთის პრეზიდენტები ხვდებიან.

რაც შეეხება თავდაცვის საკითხებს, ევროპული გამოცდილება აქაც მდიდარია. მაგალითად, 2003 წელს პორტუგალიის სოციალისტმა პრეზიდენტმა სამპაიომ წინააღმდეგობა გაუწია კონსერვატორ პრემიერმინისტრ ბაროზუს შეიარაღებული ძალების ერაყში გაგზავნასთან დაკავშირებით. აზრთა სხვადასხვაობა იმით დასრულდა, რომ ჯარისკაცების ნაცვლად ერაყში მცირერიცხოვანი საპოლიციო კონტინგენტი გაიგზავნა.

1998 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, პოლონეთი ერაყის დაბომბვის კამპანიას შეუერთდებოდა და 216-კაციან ანტიქიმიურ შენაერთს გაგზავნიდა ქუვეითში. პრეზიდენტმა კვასნიევსკიმ მთავრობა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მთავარსარდალი და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღებიც ის უნდა ყოფილიყო. მისივე თხოვნით შედგა კონსულტაციები და გადაწყდა, რომ ჯარისკაცების უცხოურ მისიებში გაგზავნის უფლებამოსილება პრეზიდენტის განკარგულებაში დარჩებოდა, მაგრამ ეს უფლება მთავრობის წარდგინებით და პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით განხორციელდებოდა.

კოაბიტაციური გამოცდილებების მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ ევროპულ ქვეყნებში მთავრობისა და პრეზიდენტის დაპირისპირება ქვეყნის წინსვლისთვის საშიში არასოდეს გამხდარა. ამის მიზეზი კი ორია: მთავრობები აღიარებდნენ პრეზიდენტების კონსტიტუციურ უფლებებს და პოლიტიკურ სისტემაში მათ როლს, ხოლო იქ სადაც კონსტიტუცია ვერ პასუხობდა ყველა შეკითხვას, დიალოგის გზით ცდილობდნენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც არც პრეზიდენტის ინსტიტუტს დააკნინებდა და არც მთავრობის საქმიანობას შეუშლიდა ხელს, უწინარეს ყოვლისა კი, არ დააზიანებდა ქვეყნის ინტერესებს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველო ვერც პირველ და ვერც მეორე პირობას ვერ ასრულებს.

კონსტიტუციის ჩუქება და ამით, კონსტიტუციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმა, პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკურად საზრიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ მისი უფლებამოსილებების სრულფასოვანი განხორციელება მოხდეს. ეს კი, იმ მარტივი მიზეზის გამოა, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუცია „ორი ბატონის" მმართველობას ითვალისწინებს, ორი ბატონის მმართველობა კი, ნებისმიერი მთავრობისთვის არასასურველია და პრეზიდენტსვე რომ დავესესხოთ, „ვერ მოხერხდება". ნახევრადსაპრეზიდენტო კონსტიტუცია იქამდე ვერ გახდება პოლიტიკურ ძალთა რეალური განაწილების ანარეკლი, სანამ მთავრობას არ ექნება სადავო თემების მოგვარების პოლიტიკური ნება, განურჩევლად იმისა, თუ რამდენჯერ და როგორი ყურადღებით წაიკითხავენ კონსტიტუციას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები