საპატრიარქო

პატრიარქი: ჩვენი ახალგაზრდობა უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობს

ჩვენი ახალგაზრდობა უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწა-წყალს იკავებს, - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ილია მეორის თქმით, თანამედროვე ქართული საზოგადოება მიწაზე მუშაობას გაურბის და ისეთ სამუშაოს ეძებს, სადაც ნაკლები ფიზიკური დატვირთვა მოითხოვება.

"ყოველ პერიოდს ახასიათებს თავისი რაღაც ისეთი თვისება, რომელიც ადრე არ ყოფილა. დღევანდელი მდგომარეობა განსხვავდება სხვისგან. ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა მოეპოვებინა მიწა, ემუშავა, ეშრომა თავის მიწაზე. დღეს ქართველი ადამიანი გაურბის მიწაზე მუშაობას, ეძებს ისეთ შემოსავალს, სადაც შრომა არ იქნება საჭირო. ფსალმუნში ჩვენ ვკითხულობთ: მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდი. აი, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გვაჩვენოს გზა. უფალი ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. იმის მაგივრად, რომ მივყვეთ უფლის სიტყვებს, ჩვენი ახალგაზრდობა მიდის უცხოეთში და იქ მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და იკავებს ჩვენს მიწა-წყალს. ამიტომ მოგმართავთ ყველას, იფიქროთ თქვენს თავზე, თქვენს შვილებზე, ჩვენს მომავალზე", - განაცხადა ილია მეორემ.

ილია მეორემ ქართული მიწა-წყლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ქართული მიწა-წყალი დალოცვილია და უმჯობესი იქნება, თუ ქართველი ემიგრანტები სამშობლოს დაუბრუნდებიან.

"ჩვენი მიწა-წყალი დალოცვილია. ამიტომ ვიფიქროთ ამაზე და შრომას მოვკიდოთ ხელი. ფიზიკური შრომა ეს არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა. შევთხოვ უფალს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც წასულია უცხოეთში, მალე დაბრუნდეს, დაუბრუნდეს თავის მიწას. ქართული მიწა გადაგვარჩენს", - განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები