საქართველოს ეროვნული ბანკი

ჯაფარიძე ეროვნული ბანკის სავალუტო საბჭოთი ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

ახალი პოლიტიკური ცენტრი ეროვნული ბანკის გაუქმებისა და მის ნაცვლად, სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, სავალუტო საბჭოს ეროვნულ ბანკზე გაცილებით შეზღუდული ფუნქციები ექნება. გარდა ამისა, ცენტრის წინადადებაა, ლარი აღარ იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება და მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ეკონომიკურ საქმიანობაში ის ვალუტა გამოიყენონ, რომელსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ.  

"ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეროვნული ვალუტის, ლარის არასტაბილურობაა. ლარი გაუფასურდა 40%-ით. ეს პრობლემა შეეხო თითქმის ყველა ოჯახს საქართველოში. 530 ათას ოჯახს გაუძვირდა ბანკის სესხი, რომელიც გამოტანილი ჰქონდა დოლარში. ვისაც შემოსავალი ან ანაბარი აქვს ლარში - მისთვის შემცირდა ლარის მსყიდველუნარიანობა. ვისაც უწევს ბინის ქირაობა დოლარში - გაუძვირდა ქირა. ვისაც საქონელი შემოჰქონდა საზღვარგარეთიდან - დადგა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე. 

სავალუტო კრიზისის მიზეზი არის ის, რომ მთავრობის უაზრო ნაბიჯებმა ჩამოშალა ქართული ეკონომიკა. მაგრამ ქართული ოცნება ამას არ აღიარებს და მუდმივად ცდილობს პრობლემის წყაროდ წარმოაჩინოს ეროვნული ბანკი. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ - რომ არა ეროვნული ბანკის სწორი ნაბიჯები, ხალხი და სახელმწიფო კიდე უფრო გაღარიბდებოდა.

ამ ფონზე მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საუბარი გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე არის უკიდურესად საშიში. ეს დარტყმას აყენებს ფინანსურ სისტემას, აფრთხობს ინვესტორებს და აძლიერებს არასტაბილურობის განცდას. ამასთან ეს მიანიშნებს იმაზეც, რომ მომავალი წლის თებერვალში, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება, ქართული ოცნება შეეცდება პირდაპირ მართული პრეზიდენტი აირჩიოს ეროვნულ ბანკში, რაც საბოლოოდ ჩამოშლის ეროვნულ ვალუტას.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არასტაბილურობისგან და სავალუტო კრიზისებისგან:

1. ეროვნული ბანკის ნაცვლად უნდა შეიქმნას სავალუტო საბჭო;
2. ლარი აღარ უნდა იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება;
3. ლარის კურსი უნდა იყოს ფიქსირებული დოლართან, ევროსთან ან ამ ვალუტების კალათასთან მიმართებით" - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ შედეგად, ლარის გაუფასურების რისკები დავა ნულამდე, მოქალაქეებს აღარ გაუძვირდებათ უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი, მოქალაქეებს აღარ გაუუფასურდებათ ლარში გაკეთებული დანაზოგი, მოქალაქეებს, ვისაც აქვთ ფიქსირებული ხელფასი ლარში, აღარ შეუმცირდებათ შემოსავალი, დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე, მთავრობს პროდუქტებზე ხელოვნურად ფასებს ვეღარ გაზრდის, ხელი შეეწყობა ინვესტიციების შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

"აღნიშნული ცვლილებები უნდა მომზადდეს უმოკლეს ვადაში, რათა მომავალი წლიდან შესაძლებელი იყოს მონეტარული სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

კომენტარები