საქართველოს ეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 34%-ით შემცირდა

კასპერ პემპელი / REUTERS

2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ $175 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 34%-ით ნაკლებია. საქართველოში შემოსული ინვესტიციების კლება, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კლებასთან ერთად, ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გაავრცელა. 

ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაკადი, $59 მილიონი აზერბაიჯანიდან შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. აზერბაიჯანის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 34%-ს შეადგენს. ინვესტიციების ნაკადი შემცირებულია: ნიდერლანდებიდან (-72%), თურქეთიდან (-10%) და გაერთიანებული სამეფოდან (-65%).   

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორებს შორის მოხვდნენ:

1) აზერბაიჯანი (34%)

2) თურქეთი (15%)

3) რუსეთი (13%)

4) ნიდერლანდები (12.5%)

5) დანია (12%)

6) აშშ (11%)

7) დანარჩენი ქვეყნები (3%)

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილები არის შემომავალი ნაკადები, ანუ სულ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება, რაშიც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება და დივიდენდების გაცემა იგულისხმება, გარდა ამისა, გამავალ ნაკადებში შედის სავაჭრო კრედიტის დავალიანების, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდაც. 

სულ შემომავალი ინვესტიციების რაოდენობამ შეადგინა $444 მილიონი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 8%-ით აღემატება. ბიზნესმენების მიერ გადახდილმა ვალდებულებებმა, ანუ საქართველოდან უცხოეთში გადინებულმა თანხამ კი $269 მილიონი, რაც წინა წლის მონაცემებს 47%-ით აღემატება. 

გაზრდილია ინვესტიციები ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (+69%) და მშენებლობის (+75%) მიმართულებით. შემცირებულია ინვესტიციები დამამუშავებელ მრეწველობასა (-89%) და ენერგეტიკაში (-8%).

კომენტარები