ადეიშვილი ივანიშვილზე

ადეიშვილი: ივანიშვილმა ხელისუფლების გადაბარებაზე უარი მიიღო

ივანიშვილმა ხელისუფლების გადაბარებაზე ცალსახა უარი მიიღო- ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ადეიშვილის თქმით, ივანიშვილმა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის გზა აირჩია, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო.

"საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს იმას, რომ სადღაც, კულისებს მიღმა ფორმდებოდეს გადაწყვეტილებები ორ ადამიანს შორის ხელისუფლების გადაბარების შესახებ. ბუნებრივია, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ჩვენთვის შეუძლებელია, რომ ვიღაცას ხელისუფლება აჩუქო, გადააბარო. მან არჩევნების გზა აირჩია და შესაბამისად, არჩევნებითაც მოვიდა ხელისუფლებაში. ხელისუფლების გადაბარებაზე კი მიიღო ცალსახა უარი", - განაცხადა ადეიშვილმა.

ადეიშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონიერი, თუმცა არასწორი ნაბიჯი იყო.

"ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო ლეგიტიმური. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება იყო სწორი, თუმცა ამ გადაწყვეტილებით ნაციონალურ მოძრაობას სარგებელი არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქმედება იყო სამართლიანი, მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იყო შეცდომა," - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

 

კომენტარები