ტაბულას ლიცენზიები

ტაბულას მოთხოვნას ლიცენზიების რუსთავი 2-სთვის მიყიდვაზე, GNCC დღეს განიხილავს

ტაბულა

ტელეკომპანია ტაბულას მოთხოვნას ლიცენზიების რუსთავი 2-სთვის გადაპირებაზე, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დღეს განიხილავს. სხდომა 16:00-ზეა ჩანიშნული.

ტელეკომპანია ტაბულამ ორი ლიცენზიის გადაცემისთვის აუცილებელი თანხმობის მოსაპოვებლად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 13 მაისს მიმართა. თუმცა, კომისიის თანამშრომლებთან წინასწარი კომუნიკაციის ეტაპზე გაირკვა, რომ კომისიას წინასწარი განწყობა აქვს და უარის თქმას აპირებს. უარის თქმის საბაბად კი, რეტრანსლირებას (ტაბულას მიერ, ერთ-ერთი სხვა არხის სიგნალის რეტრანსლირებას) დაასახელებს.

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, რეტრანსლაცია დიდი ხანია, ხორციელდება. აქამდე არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა და სამართალდარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არ დაფიქსირებულა. რეტრანსლირება დაშვებულია საქართველოს კანონით მაუწყებლობის შესახებ და მაუწყებლის საქმიანობის სრულიად კანონიერი გზაა.

"კანონით ლიცენზიის პირობის დარღვევა (რომც დაგვერღვია) არ არის გადაპირების ხელის შემშლელი გარემოება. მით უმეტეს, რომ კომისიას არც კი გავუფრთხილებივართ, რომ ლიცენზიის პირობებს ვარღვევთ, ანუ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულეს. ოპოზიციურ ტელევიზიას ლიცენზიის პირობების დარღვევად უთვლიან იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია და მრავალი სხვა მაუწყებელი აკეთებს", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა და აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილება მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, პირდაპირ იქნება განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება.

ტაბულას დირექტორმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს წერილითაც მიმართა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით კი, არანაირი გადაწყვეტილება, ტაბულას კუთვნილი ლიცენზიების რუსთავი 2-ისთვის გადაცემის ნებართვის თაობაზე, ჯერჯერობით მიღებული არ არის და კომისიის აპარატის თანამშრომელთა ზეპირი განცხადებები არ შეიძლება, კომისიის ოფიციალურ პოზიციად ჩაითვალოს.

კომენტარები