ЮКОС-ის საქმე

ბელგიაში რუსეთის ქონება დააყადაღეს

ЮКОС-ის მოსკოვის ოფისი
მაქსიმ მარმური / AFP | Getty Images

ბელგიაში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ქონება დაყადაღდა. შეტყობინება დაყადაღების შესახებ ყველა რუსულმა ორგანიზაციამ მიიღო იმათ გარდა, რომლებსაც დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს. ყადაღა ქონებას კომპანია ЮКОС-ის სარჩელის აღსრულების მიზნით დაედო.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რომლებსაც ხელში დაყადაღების შესახებ დოკუმენტი ჩაუვარდათ. საფუძველი ქონების დაყადაღებისთვის ბელგიის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმად რუსეთის სახელმწიფოს კომპანია ЮКОС-ის სასარგებლოდ 1,6 მილიარდი ევროს გადახდა დაეკისრა.

სასამართლო აღმასრულებელთა განმარტებით, ქონების დაყადაღება მოსარჩელემ მოითხოვა იმის გამო, რომ რუსეთი სისტემატურად უარს ამბობს სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე.

სააგენტო РБК-ს ცნობით, ყადაღა სულ 47 ორგანიზაციას შეეხო. მათ შორისაა ბელგიაში მოქმედი ბანკები, ასევე საჰაერო მიმოსვლის საზედამხედველო ორგანიზაცია ევროკონტროლი და რუსული სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციები, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბრიუსელის ეპარქია. ეს ორგანიზაციები ორი კვირის ვადაში ვალდებულნი არიან განაცხადონ მათ ხელში არსებული რუსეთის კუთვნილი თანხების, აქტივებისა და რუსეთის მიმართ არსებული დავალიანებების შესახებ.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქონების დაყადაღებას კომპანია ЮКОС-ის სარჩელზე მის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს. 2014 წლის ივლისში სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს კომპანიის სასარგებლოდ 1,86 მილიარდი ევროს გადახდა დააკისრა.

ასევე, 2014 წლის ივლისში ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს ЮКОС-ის სასარგებლოდ 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

2003 წელს კომპანია ЮКОС-ის მთავარი აქციონერის მიხაილ ხოდორკოვსკის გადასახადის გადაუხდელობის ბრალდებით დაპატიმრების შემდეგ, კომპანიის აქტივების დაყადაღება და რეალიზაცია მოხდა. რაც კომპანიის აქციონერებმა საერთაშორისო სასამართლოებში გაასაჩივრეს.

 

კომენტარები