ტრაგედია ჩარლსტონში

აშშ-ში 9 აფროამერიკელი, სავარაუდოდ, რასობრივ ნიადაგზე მოკლეს

abc.net.au

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონში შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში 9 აფროამერიკელი მოკლა. თავდასხმის შედეგად 6 ქალი და სამი მამაკაცი, მათ შორის ეკლესიის პასტორი გარდაიცვალა.

BBC-ის ცნობით, ეჭვმიტანილი 21 წლის თეთრკანიანი მამაკაცი, დილან რუფია, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, რასობრივ ნიადაგზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა.

რუფმა ისტორიული ქალაქის, ჩარლსტონის ცენტრში მდებარე აფრიკული მეთოდური საეპისკოპოსო ეკლესიის მრევლს ცეცხლი გაუხსნა. ეს ამერიკაში არსებული ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა.

ინციდენტთან დაკავშირებით აშშ-ის არაერთ ქალაქში აქცია გაიმართა. „აფროამერიკელის სიცოცხლე მნიშვნელოვანია", „შეტყვიტეთ აფროამერიკელთა ხოცვა" - ამ ტრანსპარანტებით გამოვიდა ხალხი ნიუ იორკის ქუჩებში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და იარაღის ტარების უფლების საკითხი წამოჭრა.

„რაღაც მომენტში, ჩვენ, როგორც ქვეყანამ, უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი ხოცვა-ჭლეტა სხვა განვითარებულ ქვეყნებში არ ხდება", - განაცხადა ობამამ.

ობამას მხარს უჭერს ჰილარი კლინტონიც, მისი განცხადებით, დროა, მოსახლეობამ იარაღის თემაზე მწარე სიმართლეს თვალი გაუსწოროს.

„რამდენი უდანაშაულო ადამიანი უნდა მოკვდეს ჩვენს ქვეყანაში, დაწყებული პატარა ბავშვებიდან, გაგარძელებული ეკლესიის მრევლითა და კინოთეატრის მაყურებლით, რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, სანამ ვიმოქმედებთ", - თქვა კლინტონმა.

 
 

კომენტარები