სასამართლო

სასამართლო: ზაზა ხატიაშვილი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველის მხრიდან, "საგანგაშოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა". თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს, "დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, როგორც იურისტმა, მიმართოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს". თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, თავის მხრივ, მოსამართლეები იტოვებენ უფლებას, პატივისა და ღირსების შელახვისათვის დაიწყონ სამართალწარმოება სამოქალაქო წესით.

"საქმე ეხება ყოფილი პროკურორებისათვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გასაჩივრდა სასამართლოში. 2012 წლიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მსგავსი სასარჩელო განცხადება განიხილა, რომელთაგანაც ყველა დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის შესაბამისი გადაწყვეტილებები გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო წესით და ყველა მათგანი დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, სასამართლოში დადგენილია პრაქტიკა სადავო საკითხთან დაკავშირებით. 

რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას გასაჩივრებული და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტების სხვადასხვაობის შესახებ, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ საქმეში (ბატონი ზაზა ხატიაშვილის მიერ ნახსენებია სამი ასეთი საქმე) არსებობს მხოლოდ თითო გასაჩივრებული აქტი, რომლებიც ბათილად სცნო სასამართლომ. ამდენად, გაუგებარია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველი და მიზანი" - აცხადებს სასამართლო. 

ცნობისთვის, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მოსამართლეების კორუფციულ სამართალდარღვევაზე, სისხლის სამართლის დანაშაულსა და სამსახურეობრივ სიყალბეზე საუბრობს. მისი მტკიცებით, სამი პროკურორის ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ უარის თქმის ფაქტზე, სასამართლომ გამოიტანა სხვა განაჩენი, ხოლო მხარეებს - განსხვავებული ოქმი ჩააბარა. ხატიაშვილის თქმით, მან სასამართლოდან გამოითხოვა სხდომის ამსახველი ვიდეომასალა.

"ასეთი ფაქტი მე არ მინახავს. ეს არის კორუფციული სამართალდარღვევა, სისხლის სამართლის დანაშაული, სამსახურეობრივი სიყალბე. მოსამართლემ მიიღო ერთი გადაწყვეტილება, ხოლო მხარეს ჩააბარა - მეორე" - აცხადებს ხატიაშვილი.

კომენტარები