საქართველოს ეროვნული ბანკი

კომიტეტებმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა გუშინდელ გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. დავით ონოფრიშვილმა კი, თავისუფალი დემოკრატების სახელით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. ამასთან, ინიციატორებმა განაცხადეს, რომ გაიზიარეს გამოთქმული შენიშვნები და ისინი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანილ დოკუმენტში აისახება. კომიტეტებმა ამ დათქმით კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, კანონპროექტი დასახვეწია და გარკვეული საკითხები დაზუსტებას მოითხოვს. კერძოდ, ვინაიდან სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს, ამ ფუნქციის უზრუნველსაყოფად სააგენტო ჩართული უნდა იყოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დადგენის პროცესში, ისე რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გატარებაში შეუნარჩუნდეს დამოუკიდებლობა. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის სისტემაში უნდა შეიქმნას მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების კომიტეტი, რომელიც პარიტეტული წესით დაკომპლექტდება და მას ექნება საკონსულტაციო ხასიათი, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა იქნება გადამწყვეტი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილება არ შეესაბამება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ნორმებს. კერძოდ, მისი განცხადებით, კონსტიტუციით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ფუნქციები, ინიცირებული პროექტის მიხედვით, გადასულია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებში. გარდა ამისა, მისივე თქმით, სააგენტოს საბჭოს ფორმირების მოდელი არ არის ოპტიმალური, შერჩევის კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიო და იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ საბჭოში მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები იყვნენ. მისი აზრით, პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის სხვა მექანიზმია შესამუშავებელი და არა ის, რომ პარლამენტმა თავად წარადგინოს ისინი.

კანონპროექტის მიღების საჭიროებას და მართებულობას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ შვიდი თვის შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, ეს ცვლილებები თავიდან შესაცვლელი გახდება, რადგან ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არის მცდელობა, კანონი მოერგოს კონკრეტულ სიტუაციას და პიროვნებებს. უმცირესობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის შეფასებითაც, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ის ასევე შეუსაბამოდ მიიჩნევს, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო ექვემდებარება ეროვნულ ბანკს, მაშინ როცა სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებაში ეროვნული ბანკი საერთოდ არ მონაწილეობს და ეყოლება მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახით. პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილიც მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონს დიდი ალბათობით კონსტიტუციასთან პრობლემა ექნება.

კანონპროექტის განხილვაზე მოწვეული საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შემთხვევაში, საზედამხედველო სააგენტოს საბჭოში ერთი წევრის შეყვანას ითხოვს.

„ასევე, აუცილებელია, მკაცრად დადგინდეს კრიტერიუმებიც, რომლითაც მოხდება საბჭოს წევრების და ხელმძღვანელის წარდგენა“, განაცხადა ზურაბ გვასალიამ. მისივე თქმით, „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სააგენტოში ბოლო ინსტანციის კრედიტორის ფუნქციის გადატანა, ის აუცილებლად უნდა დარჩეს ეროვნულ ბანკში“.

 

კომენტარები