ეროვნული ბანკი

მსოფლიო ბანკის, IMF-ის, EBRD-ისა და ADB-ს კრიტიკული წერილი ირაკლი ღარიბაშვილს

facebook.com/GaribashviliOfficial

მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი კრიტიკული ხასიათის წერილი გაუგზავნეს. ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს რეფორმა საქართველოს საფინანსო სექტორს დააზიანებს.

წერილში ნათქვამია, რომ დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას. ორგანიზაციები ასევე ეჭვებს გამოთქვამენ, რომ ახალი სააგენტო საბანკო მონიტორინგის სრულფასოვანი განხორციელებისათვის ძალიან სუსტი შეიძლება აღმოჩნდეს. საერთაშორისო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საბანკო ზედამხედველობა და მონეტარული პოლიტიკის გატარება ერთიანი ქოლგის ქვეშ უნდა ხდებოდეს. 

"ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ცვლილებების გამო, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში იგეგმება. ეს დააზიანებს კონტროლის პრინციპს, რომელიც აქამდე იყო, როცა ეროვნული ბანკის საბჭოს წარადგენდა საქართველოს პრეზიდენტი და შემდეგ ამტკიცებდა პარლამენტი. სწორედ ამიტომ, ამან შეიძლება გამოიწვიოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიზირება. ასევე, არსებობს რისკი, რომ ახალი სააგენტო შეიძლება იყოს ძალიან სუსტი იმისთვის, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს საბანკო სექტორის ლობირებას უფრო სუსტი რეგულაციისთვის, რაც საფრთხეს შეუქმნის ფინანსური სექტორის სტაბილურობას.

2014 წლის მაის-ივნისში სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობა დადებითად შეაფასა. ხაზი გაუსვა პროგრესს საბანკო რეგულაციისა და ზედამხედველობის მიმართულებით და შეაქო ეროვნული ბანკი განვითარებულ რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო რეჟიმის შემოღებისთვის და იმისთვის, რომ ეფექტიანად ანაწილებს საზედამხედველო რესურსებს. ჩვენი რჩევაა საბანკო ზედამხედველობა დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში. თუმცა თუ თქვენ მაინც მიზნად გაქვთ დასახული ზედამხედველობა გაიტანოთ სები-დან, აუცილებელია, რომ კანონპროექტმა გაითვალისწინოს ზემოთაღნიშნული საკითხები და თანხვედრაში მოვიდეს ბაზელის ძირითად პრინციპებთან ეფექტური საბანკო ზედამხედველობის შესახებ. ასევე ცალსახად უნდა იყოს ნაჩვენები, რა გარანტია ექნება ნებისმიერ ახალ სააგენტოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. კარგი იქნებოდა თუ ევროკავშირს მიმართავდით კონსულტაციისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვალდებულება გაქვთ აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომ გააუმჯობესოთ საბანკო ზედამხედველობა და ცენტრალური ბანკის კანონმდებლობა ევროკავშირისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერით"- ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ წერილში. 

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზუიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის თქმით, თუკი პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.  

წერილის ტექსტი ტელეკომპანია მაესტრომ მოიპოვა.

კომენტარები