შემოსავლების სამსახური

RS: ქართულ ტრაილერებს საბაჟოზე გასვლის პრობლემა რუსულმა მხარემ შეუქმნა

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ქართულ ტრაილერებს საბაჟოზე გასვლის პრობლემა რუსულმა მხარემ შეუქმნა. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, გაზრდილია ტვირთბრუნვა და, შესაბამისად, ტრაილერების ნაკადი. ამიტომ, რუსული მხარე ლარსის საბაჟოზე ვერ უზრუნველყოფს დროულად გატარებას. 

"პრობლემა მომდინარეობს არა ქართული, არამედ რუსული მხრიდან. გაზრდილია ნაკადი, განსაკუთრებით სომხური ტრანზიტის ხარჯზე. ჩვენ ვატარებთ ძალიან სწრაფად, თუმცა რუსული მხარე ვერ უზრუნველყოფს მათ დროულად და ეფექტიანად გატარებას. ჩვენ დამოკიდებულები ვართ რუსულ მხარეზე", - ამბობს მოისწრაფიშვილი სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნავს, რომ რუსულ მხარეზეა დამოკიდებული, როდის მოგვარდება პრობლემა.

ცნობისთვის, გუდაური-კობის მონაკვეთზე ასობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. მძღოლების თქმით, უკვე მეოთხე დღეა, საპატრულო პოლიცია ყაზბეგის გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს. მათი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილებში აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე გასატანი ქართული ღვინო, ბორჯომი, ლიმონათი და ხილი. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ პროდუქციას გაფუჭების საფრთხე ემუქრება.

კომენტარები