სვეტიცხოველი

სვეტიცხოველში მელქისედეკ I-ისა და ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვები შეცვალეს

0 კომენტარი
ფოტო: Lasha Bakradze/Fb.com

სვეტიცხოველში მელქისედეკ I-ისა და ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვები შეცვალეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სვეტიცხოველში საფლავის ქვების შეცვლა მასთან არ შეუთანხმებიათ. საპატრიარქოს არქიტექტორის მტკიცებით კი, სვეტიცხოველი იატაკისა და საფლავის ორი ქვის განახლებაზე ერთი წელია მუშაობს, რაც სააგენტომ იცოდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა ონიანმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას აუცილებელია სააგენტოს ნებართვა. მართლმადიდებლური ეკლესიის შემთხვევაში კი, პროექტს ჯერ საპატრიარქოს რესტავრაციის საბჭო განიხილავს და შემდეგ განსახილველად უგზავნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. თეა ონიანის განმარტებით, საპატრიარქომ 2014 წლის 24 მარტს სააგენტოში შეიტანა ესკიზი ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვის შეცვლის თაობაზე, თუმცა სააგენტოს ჰქონდა შენიშვნები საფლავის ქვის ფერისა და სიმაღლესთან დაკავშირებით. თუმცა, მე-11 საუკუნეში აგებულ სვეტიცხოველში საფლავის ქვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვისა და შენიშვნების გათვალისწინების გარეშე შეცვალეს.

საქართველოს საპატრიარქოს არქიტექტორის თემურ ბერიძის განმარტებით კი, ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვა გაბზარული და შემდეგ აღდგენილი იყო, თუმცა მაინც ეტყობოდა ბზარი, ხოლო მელქისედეკ I-ის საფლავის ქვა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში - გაშავებული და გამჭვარტლული. მისივე თქმით, საფლავის ქვები იმდენად დაბლა მდებარეობდა, რომ ხალხმრავლობის დროს კორდონების მოწყობა უხდებოდათ, რომ საფლავებზე ფეხით არ დამდგარიყვნენ.

"ორივე წმინდანი განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს. იმიტომ აიწია, რომ მომლოცველისთვისაც ადვილია მივიდეს, სიწმინდეზე მუხლი მოიყაროს, ემთხვიოს, ვიდრე იატაკს ემთხვიოს", - განმარტავს თემურ ბერიძე ნეტგაზეთთან და აღნიშნავს, რომ მას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან გაფრთხილება არ მიუღია. საპატრიარქოს არქიტექტორის თქმით, სააგენტოს რეკომენდაცია იყო საფლავის ქვების დადაბლება, თუმცა ეს არ გააკეთეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები