UEFA-ს სუპერთასი

სფფ სამართალდამცველებს მიმართავს, გაარკვიონ biletebi.ge-ზე შექმნილი პრობლემები

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს. მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაცია არ გამორიცხავს, გარეშე პირები ცდილობდნენ, ხელოვნურად შექმნან პრობლემები.

"ეს ხომ არ არის მხოლოდ biletebi.ge-ს ან ფეხბურთის ფედერაციის პრესტიჟი. ეს არის მთელი საქართველოს პრესტიჟი, ყველას პრესტიჟია, რომ ეს თამაში მაღალ დონეზე ჩატარდეს. მე მოვუწოდებდი სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თუკი ამის აუცილებლობა გახდება, იქნებ გაარკვიონ... თუ მარტო ტექნიკური საკითხია, კი ბატონო, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს სცდება ეს ყველაფერი, მაშინ დაგვეხმარონ ან საიტს დაეხმარონ. არის თუ არა საბოტაჟის ნიშნები, უნდა გაირკვეს", - თქვა არველაძემ.

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე დილის 09:00-ზე დაიწყო. თუმცა, ვებგვერდის ადმინისტრაციამ რიგი რამდენჯერმე შეაჩერა. რის გამოც, მომხმარებლები დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. ამის გარდა, გულშემატკივრების ნაწილის ინფორმაციით, მათი რიგის მოსვლის შემდეგ, ვებგვერდმა "გამოაგდო" და რიგის ბოლოს აღმოჩნდნენ. 

საიტმა სულ 24 000 ბილეთი უნდა გაყიდოს. 

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები