დავით კეზერაშვილის საქმე

ადვოკატი: შესაძლოა, ხელისუფლებასა და ნიჟარაძეს შორის გარიგება არსებობდეს

დავით კეზერაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის მოსაზრებით, შესაძლოა, ხელისუფლებასა და დავით ნიჟარაძეს შორის გარკვეული გარიგება არსებობდეს. როგორც ცნობილია, პროკურატურამ დღეს კეზერაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა და თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეების კუთვნილი ქონების ჩამორთმევაში დაადანაშაულა. მინდელის თქმით, ნიჟარაძეს კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე წლის მანძილზე სამოქალაქო დავა ჰქონდა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ადვოკატის აზრით, გარდა იმისა, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, პროკურატურა ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ახლადშექმნილი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მუშაობს.

"თამაზ ნიჟარაძე რამდენიმე წელია, დავობს სამოქალაქო წესით. ის ბრალის დადგენილება, რაც დღეს ჩავიბარე, მეტნაკლებად შეეხება ამ სამოქალაქო დავებს. ამ სისხლის სამართლის საქმის წამოწყება ერთგვარად, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს დევნა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, უკავშირდება იმას, რომ ნიჟარაძეს სამოქალაქო დავებში წარუმატებლობა ჰქონდა - ვგულისხმობ იმას, რომ პირველ ინსტანციაში ნიჟარაძის მოთხოვნა დავასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ამ ეტაპზე საქმე მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში.

აღნიშნული საქმის წამოწყება უკავშირდება სწორედ იმას, რომ, ის, რაც სამოქალაქო წესით ვერ მოახერხა ნიჟარაძემ, იქნებ პროკურატურის დახმარებით, სისხლის სამართლის წესით შეძლოს. ეს იქნება ერთგვარი ზეწოლა სამოქალაქო სამართლით მიმდინარე საქმეებზე და იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ამ საქმეებს იხილავენ.

აქ არის ერთგვარი ინტერესების თანხვედრა. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე დევნა მიმდინარეობს კეზერაშვილის წინააღმდეგ, ამას უკავშირდება ისიც, რომ პროკურატურა ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ახლადშექმნილი დეპარტამენტი გარკვეულ საქმეებს სწავლობს და გამოძიებებს ატარებს, რაც რეალურად აცდენილია რეალობას. უბრალოდ, ეს საქმე დიდი ხანია, მიმდინარეობდა სასამართლოში სამოქალაქო დავის ფარგლებში, სადაც არ იქნა არანაირი წარმატება მიღწეული, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა კეზერაშვილის მიმართ.

მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული გარიგებაც არსებობდეს ხელისუფლებასა და ნიჟარაძეს შორის. ნიჟარაძე ძალიან დიდი ხანია, ცდილობს გარკვეულ გარიგებაში შესვლას ხელისუფლებასთან, მაგრამ გარკვეული პერიოდი ის ამას ვერ ახერხებდა. როგორც ჩანს, შესაძლოა, ეს მან ბოლო პერიოდში განახორციელა", - თქვა შოთა მინდელმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს დღეს ახალი ბრალი წარუდგინა. 

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები. პროკურატურის ცნობით, კეზერაშვილმა ბიზნესი ძალადობის გამოყენების მუქარით მიითვისა.

კომენტარები