პოლიცია

კლუბ ვიტამინის მენეჯერის მტკიცებით, მას ოცამდე პოლიციელმა სცემა

0 კომენტარი
ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს ფოტო: შსს-ს Facebook-ის გვერდი

კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მტკიცებით, კვირას ღამით, კუს ტბაზე ოცამდე პოლიციელმა სცემა. კიკიანი Facebook-ში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მომხდარის დეტალებზე საუბრობს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნულ ინფორმაციაზე მოკვლევა უკვე დაიწყო და მხარეებს, ასევე ფაქტის შემსწრე პირებს გამოკითხავენ.

ლიკა კიკიანის განცხადებით, კვირა ღამით, მისი მეგობრები კუს ტბის ტერიტორიაზე, ფასიან ავტოსადგომთან კამათობდნენ. თავად მათკენ წავიდა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

"ამ დროს, ოცამდე პოლიციელი მოვიდა. მათგან რამდენიმე დედის გინებით და ხელის კვრით. ჩემი მეგობრები მიხვდნენ, რომ შარზე იყვნენ, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. პოლიციელები მაინც აგინებდნენ. მე დაღმართზე ჩავდიოდი, ეს ოცამდე პოლიციელი გამომყვა. მათგან ერთი, რომელიც უფროსი ან უფროსის მოადგილე იყო, მიყვიროდა და მაგინებდა. ძალიან წყნარად ვუთხარი - ამ ცინიკურ სახეში ღამეში ოც ლარს გიხდიან მეთქი? ვის გაუბედე ოცლარიანის თქმაო, ხელი მკრა, ყელში მწვდა და გადამაგდო. ორი გვაშველებდა, შუაში ჩადგნენ. მე ტელეფონს ვწვდი დასარეკად. ერთ-ერთმა - როგორ ბედავ ტელეფონის ამოღებასო და წამართვა. ვკიოდი, ნუ მირტყამთ მეთქი. ნათითურები მეტყობა ზურგზე. მერე რატომღაც ვიფიქრე, ამას თუ ვიტყვი, შემეშვებიან მეთქი და - ორსულად ვარ მეთქი. ორსულად არა, შენი დედაო და წიხლი ჩამარტყა, რომელიც ახლაც ძალიან მტკივა. რაღაც მომენტები საერთოდ არ მახსოვს, როგორ ამაყენეს, წამომათრიეს... მხოლოდ ჩემი დამლაგებლის ხმა მახსოვს - ლიკა, დავუძახო ბიჭებს? დაუძახე მეთქი. მანქანაში მტენიდნენ მუქარით, რომ "კაპეზეში" ამომახრჩობდნენ. ამ დროს, ორი ბიჭი გამოვიდა, გოგოს როგორ ურტყამთო. ისინიც სცემეს. ერთ-ერთი ჯიპში ჩასვეს და წაათრიეს" - ამბობს კიკიანი ვიდეომიმართვაში.

კლუვ ვიტამინის მენეჯერის თქმით, თავად მანქანაში არ ჯდებოდა და ნაცნობ სახეს ეძებდა, თუმცა, ძალით ჩასვეს, მობილური ტელეფონი წაართვეს და ვაკის პოლიციაში (მზიურთან) მიიყვანეს.

"იქ ალბათ ორი საათი ან მეტი ვიყავი. ორი ტიპი მომიჯდა და მკითხა, რა დაგემართაო. ვუპასუხე - მცემეს მეთქი. იქ მომიტრიალნენ და შენთვის ხელი არავის დაუკარებიაო და მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ აქვს. იმ ბიჭთან მივიდნენ, ვინც ჩემთან ერთად დაიჭირეს. მე ჩამაბერინეს, ნასვამი ვიყავი თუ არა, რაზეც ვუთხარი, რომ ბოთლნახევარი ჰეინეკენი მქონდა დალეული და, რა თქმა უნდა, ამოაგდებდა. ამოაგდო 0.3%. ისეთ დღეში ვიყავი, რომ "ჩასაბერი" ვერ გავხსენი, ბოთლს თავსახურს ვერ ვხსნიდი, ყველა კუნთი მტკიოდა. ვკითხულობდი, ახლა რა ხდება - მიჭერთ, მიშვებთ? ფული უნდა გადავიხადო? ამოუშვეს გოგო, რომელსაც უნდა შევემოწმებინე. იმ გოგომ თქვა - აღარ შემიძლია აქ ყოფნა ჯერ გრაფიკის მხრივ და მერე - ასეთი რაღაცების ყურება აღარ შემიძლიაო. ნახა ჩემი დალურჯებული სხელი. მერე ჩემი უფროსი მოვიდა, გიგი, რომელმაც ისე მოაგვარა, რომ ხელწერილით გამოგვიშვეს. კუს ტბაზე ამიყვანეს, რადგან სახლში ასე ვერ წავიდოდი. გავხდი ძალიან ცუდად, მუცელში მქონდა მოვლითი ტკვილები, ვტიროდი. თანამშრომელმა გამოუძახა სასწრაფოს. სასწრაფოს მოსვლამდე მოვიდნენ ის ტიპები, რომლებმაც მე მცემეს. ეს "მენტები" თავზე მედგნენ - რას ვიტყოდი. ჩვენებას არ ვიძლევი მეთქი. პოლიციამ - მაშინ დაწერე ჩვენება, რომ კარგად ხარ და ამათი დახმარება არ გჭირდებაო. ბოლოს დაიწერა საქმე, რომ ოცმა გაურკვეველმა პირმა მცემა, დამიმტვრია ტელეფონი და გამოძიება დამიკავშირდება. მერე მეგობრებმა წამიყვანეს სავადმყოფოში, სადაც ვიყავი ექვსი საათი, გამიკეთეს ანალიზები, მოვლითი ტკივილები დააბრალეს დარტყმებს და ნერვიულობას" - ამბობს ლიკა კიკიანი და აღნიშნავს, რომ დღეს დილით გამომძიებელმა დაურეკა და ზეგ, 9 ივლისს დაკითხვაზე დაიბარა.

"ზეგ, რომ ამ დალურჯებულებმა გამიაროს, რომ ვერაფერი დავამტკიცო. ყველაფერს დაგიმტკიცებთ. თქვენი ნომერიც მახსოვს - AA235CC, თეთრი მანქანა" - ამბობს კიკიანი მიმართვაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები