საბიუჯეტო სახსრები

ენმ: ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობა ანტიდასავლურ მედიას აფინანსებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანტიდასავლური განწყობების და სიძულვილის ენის გამავრცელებელი მედიის დაფინანსების გამო. ენმ აღნიშნავს, რომ MDF-ის კვლევამ "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური დღის წესრიგის მთავარ პროპაგანდისტ მედიასთან ისედაც ცხადი კავშირი დოკუმენტურად დაადასტურა". საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ანტიდასავლურ მედიას საქართველოს მთავრობა გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარით აფინანსებს.

"მაშინ, როცა ქვეყანაში მძვინვარებს ეკონომიკური კრიზისი, იზრდება სიღარიბე და მცირდება ბიუჯეტი, მთავრობა მტრული სახელმწიფოს პროპაგანდის დასაფინანსებლად სახსრებს მაინც პოულობს. ამასთან, დაფინანსების სრული მასშტაბი ჯერაც დაუდგენელია, რადგან მისი ნაწილი ხორციელდება სახელმწიფო სიპ-ების საშუალებით და სასამართლო დავები ამ დაფინანსების გასაჯაროების ირგვლივ გაჭიანურებულია. კვლევაში ჩამოთვლილი მედია დიდი ხანია, მეთოდურად და თანამიმდევრულად ცდილობს საქართველოს ევროპული არჩევანის დისკრედიტაციას, დასავლური ცივილიზაციის დემონიზაციას და წარმოადგენენ კრემლის გააქტიურებული „რბილი ძალის“ კამპანიის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტებს. ამდენად, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ აფინანსებს ანტიდასავლურ ძალებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლებს და ცდილობენ, გააღვივონ შუღლი და ძალადობა სხვადასხვა უმცირესობების მიმართ", - აცხადებს ენმ და აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მოთხოვნით, დაუშვებელია კონტრაქტების გაფორმება ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ.

"სხვადასხვა ავტორიტეტული ჯგუფების მიერ კარგადაა დოკუმენტირებული, რომ აღნიშნული მედიაორგანიზაციები რეგულარულად ახდენენ სიძულვილის ენის ტირაჟირებას სხვადასხვა უმცირესობების მიმართ. თავი რომ დავანებოთ ფორმალურ ევროპულ ნორმებს, პრორუსული პროპაგანდის დაფინანსება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება", - ნათქვამია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ანგარიში, რომელიც სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში საბიუჯეტო სახსრებს ეხება, გუშინ გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, იმ მედიიდან, რომლებიც სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან, რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" (63 923.33 ლარი), მედია-კავშირი "ობიექტივი" (52 167,84 ლარი), "ალია" ჰოლდინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები "ალია" და "კვირის ქრონიკა" (48 650 ლარი - არასრული მონაცემი), ასევე გაზეთი "ასავალ-დასავალი" (1 200 ლარი). შპს "ეტალონ-მედიას" 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც "ობიექტივის" ეთერში გადის, 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.

 

კომენტარები