მედიის განვითარების ფონდის ანგარიში

მთავრობის მტკიცებით, გამოწერილი აქვთ ჟურნალი ტაბულა, რომელიც აღარ გამოდის

სახელმწიფო კანცელარია
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცის მტკიცებით, ცალკეულ უწყებებს გამოწერილი აქვთ ყველა ბეჭდური გამოცემა, მათ შორის ჟურნალი ტაბულა, რომელიც უკვე ერთი წელია აღარ გამოდის.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდმა (MDF) გუშინ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში საბიუჯეტო სახსრებს ეხება.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არცერთი მედიასაშუალება, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, პრივილეგირებული მიდგომით არ სარგებლობს. განცხადებაში ასევევ აღნიშნულია, რომ მთავრობა პატივს სცემს სიტყვის თავისუფლებას და უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს ყველა მედიასაშუალებისთვის. 

"რაც შეეხება MDF-ის კვლევაში დასახელებული მედიასაშუალებების საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების საკითხს, საუბარია არა კონტრაქტებზე, არამედ, ბეჭდური პრესის გამოწერაზე, განურჩევლად მათი საინფორმაციო პოლიტიკისა. ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს გამოწერილი აქვთ ყველა ბეჭდური გამოცემა, მათ შორის „საქართველოს რესპუბლიკა“, „ასავალ-დასავალი“, „ტაბულა“ და ა.შ. აქვე განვმარტავთ, რომ ამ შემთხვევაში, ხელშეკრულება ფორმდება პრესის გამავრცელებლებთან და არა - ამა თუ იმ მედიასაშუალებასთან. მედიის დამოუკიდებლობა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის გარშემოც ყველა სახელმწიფო უწყება ერთიანია."- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმ მედიასაშუალებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან, რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" (63 923.33 ლარი), მედია-კავშირი "ობიექტივი" (52 167,84 ლარი), "ალია" ჰოლდინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები "ალია" და "კვირის ქრონიკა" (48 650 ლარი - არასრული მონაცემი [1] ), ასევე გაზეთი "ასავალ-დასავალი" (1 200 ლარი). შპს "ეტალონ-მედიას" 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც "ობიექტივის" ეთერში გადის, 68 616.01 ლარი აქვს მიღებული. ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრუსელის კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტზე, შპს "ეტალონის" მიერ კანონმდებლობის დარღვევით "ობიექტივის" ეთერში მაუწყებლობაზე და ადმინისტრაციული ორგანოების სარედაქციო საკითხებში ჩარევაზე, რუსულენოვან წყაროებზე "ობიექტივსა" და მის პარტნიორ მედიაორგანიზაციებში, პარტნიორთა კავშირთან "ობიექტივის" კავშირებზე და სხვა მედიასაშუალებებზე, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ.

კომენტარები