საჯარო სამსახური

პრემიერი: უნდა შეიქმნას საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროფესიული საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიღების დროისთვის, საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი უკვე გამართულად იმუშავებს.

"ჩემი ინიციატივით დაფუძნდა განათლების საერთაშორისო ცენტრი და ამ ცენტრმა უკვე 77 ბავშვი გააგზავნა უცხოეთში, სტუდენტები გააგზავნა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. ჩვენ წელს უკვე ველოდებით 26 სტუდენტს, რომლებიც დაბრუნდებიან საქართველოში. ასევე, მომავალ წელს დაბრუნდებიან დანარჩენები. სექტემბრიდან კი, ჩვენ ვაგზავნით 115 სტუდენტს საუკეთესო უნივერსიტეტებში - ჰარვარდში, ოქსფორდში და ასე შემდეგ ევროპაშიც. მე მინდა, ასეთი იდეა გაგაცნოთ, მთავრობის წევრებს და საზოგადოებას ვუთხრა, რომ ვინაიდან ჩვენ გასულ კვირას დავიწყეთ და პრინციპში დავამტკიცეთ და მოვიწონეთ მთავრობაზე საჯარო სამსახურის ახალი კანონპროექტი და გავაგზავნეთ პარლამენტში, გადავწყვიტეთ, რომ ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად, იმ დროისთვის უკვე მოვამზადოთ და შექმნილი იყოს საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი. მე ვთხოვე განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ჭელიძეს, მან მოამზადა გეგმა, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს ცენტრი, აქტიურად არის ჩართული მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც. მე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. მე ვფიქრობ, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც ამოქმედდება კანონი, ჩვენ ეს ცენტრი გვექნება გამართული. აუცილებელია, რომ საჯარო მოხელეთა გადამზადება იყოს სისტემატიური, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და ეს, რა თქმა, უნდა აისახება ჩვენს მუშაობაზეც", - განაცხადა პრემიერმა.

პროფესიული საჯარო სამსახურის შექმნის ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილი ერთი კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.

 

კომენტარები