საწვავის ფასები

სოკარი 14.4-მილიონიან ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს

jvm.com

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ 14.4-მილიონიან ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს. სააგენტოს მტკიცებით, დაჯარიმების მიზეზი 2012-2014 წლებში კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა. კონკურენციის სააგენტოს ჯარიმის გასაჩივრების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს გალფმა და ვისოლმა. 

"ვაცხადებთ, რომ კომპანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს არ დაურღვევია "კონკურენციის შესახებ" კანონის არცერთი მოთხოვნა. ბრალდება, რომ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რომლითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" მოქმედებდა და მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის, კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შესაბამისად. კომპანია არასდროს არ იყო ორიენტირებული რაიმე განსაკუთრებულ ზემოგებაზე, რასაც ადასტურებს ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ბიუჯეტში შეტანილია 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი, დასაქმებულია 1500 ადამიანი, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების დარგებს და ა.შ.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამწუხაროა ასეთი შეფასება და ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და საკუთარი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ ცივილური სამართლებრივი გზით", - წერია სოკარის განცხადებაში. 

ამ დროისთვის ჯარიმის გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილება რომპეტროლსა და ლუკოილს არ აქვთ მიღებული. კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის დასკვნა 15 ივლისს გაასაჯაროვა. სააგენტო პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოთამაშის დაჯარიმებას ჯამში 55 მილიონი ლარით გეგმავს. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ბარაბაძის თქმით, კონკურენციის სააგენტოს ანგარიში 1100 გვერდს აჭარბებს, თუმცა ამ დროისთვის იგი საჯარო არ არის. ანგარიშის ტექსტის ნაწილი საჯარო არ იქნება, რადგანაც ის კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს. დაჯარიმების მიზეზი კი კონკურენციის შესახებ კანონის ა, ბ, და გ პუნქტების დარღვევა გახდა. 

დაჯარიმებული ნავთობკომპანიების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  1. სოკარი 14.4 მილიონი.
  2. გალფი 11.2 მილიონი.
  3. რომპეტროლი 10.9 მილიონი.
  4. ვისოლი 10.4 მილიონი.
  5. ლუკოილი 4.7 მილიონი.

სოკარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია. იგი ასევე ქვეყნის ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია. თუმცა წელს სოკარმა საქართველოში ერთ-ერთი ინვესტიცია, კერძოდ კი $700-მილიონიანი კარბამიდის ქარხნის მშენებლობა შეაჩერა. სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში წარმოშობილი პრობლემა გახდა. 

ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანსაღი კონკურენციის პირობების დანერგვის ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით იკისრა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით კი, დაჯარიმებას პრევენციის სახე ექნება. 

ანალიტიკოსების შეფასებით, მთავრობის მიერ კომპანიების დაჯარიმებამ შესაძლოა ნავთობპროდუქტების ფასი გაზარდოს.

 

კომენტარები