რეკლამა

აუდიტორი: არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირება მიუღებელია

გასულ კვირას პრემიერმინისტრმა ფინანსთა მინისტრს არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების გადადება სთხოვა. როგორც ცნობილია, სავალდებულო მარკირება ძალაში 1 სექტემბრიდან უნდა შესულიყო. პრემიერის გადაწყვეტილების მიუხედავად, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები სავალდებულო მარკირებას აპროტესტებენ და უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

"არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება დაუშვებელი, არასამართლიანი და არარაციონალურია. იგი ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებს და პრეცედენტი არ აქვს ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში", - აცხადებენ მეწარმეები.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიუღებელს უწოდებს აუდიტორი ირაკლი შავიშვილიც. მისი თქმით, ერთადერთი მიზანი, რასაც სავალდებულო მარკირება ემსახურება, მეწარმეებზე მეტი კონტროლის დაწესებაა.

"მეწარმეების პოზიცია სრულად გასაგებია. ეს არ არის აქციზური საქონელი. გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს მისი მარკირება? მთავრობა რაღაც პერიოდში თვითონ გადაიხდის საფასურს, მაგრამ შემდეგ მეწარმეს მოუწევს გადახდა და რატომ უნდა გაუძვირდეს წარმოება მას, სრულიად გაუგებარია. თუ ხელისუფლებას აქვს აღრიცხვის მოწესრიგების პრობლემა, ამისთვის მას აქვს სხვა ბერკეტები - შევიდეს და შეამოწმოს საწარმოები, მალავენ ისინი რაიმეს თუ არა. ყველაფრის საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევა არის სრულიად მიუღებელი და ძალიან აფერხებს მეწარმეობის განვითარებას", - აცხადებს შავიშვილი.

მისივე თქმით, სავალდებულო მარკირების შემთხვევაში, მოიმატებს წარმოებაზე ფასიც, რაც ბიუჯეტის ფისკალურ ეფექტზეც ნეგატიურად აისახება.

"თუ ჩავთვლით, რომ მეწარმეები მალავენ რაიმეს, მაშინ გაჩნდება ფისკალური ეფექტი, თუმცა მეეჭვება. ამის აღრიცხვა სხვაგვარადაც შეიძლება - ამისთვის არსებობს საგადასახადო ინსპექცია. უცხოურ კომპანიას ფულს ვუხდით და რაში ვუხდით, ეს მეორე საკითხია - ხომ არ არის აქ მთავრობის რომელიმე წევრის პირადი ინტერესი", - აცხადებს შავიშვილი.

 

კომენტარები