თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აქციის - არა პანორამა თბილისს - მონაწილეების ალექსანდრე გიორგაძის, მარიამ ნონიბაშვილის და ბესო კალაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა. ხოლო ნატა ფერაძეს, ელენე მალაშევსკი-ჯაყელს, ირაკლი მგალობლიშვილს, ანა მამულაშვილს, კოსტა ჩაჩანიძეს, გიგა მაქარაშვილს და ვახო ქარელს 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
დაკავებულთა ადვოკატის, საიას იურისტის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
"ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული სტანდარტი არა მხოლოდ ძალიან დაბლა დაწია, ზოგადად ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს, ეს უფლება გააუქმა. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გავასაჩივრებთ. ეს ადამიანები დაჯარიმდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ეკავათ ხელში პლაკატი, რაც იყო გამოხატვის თავისუფლება და ამის გამო დაჯარიმება არ არის კანონიერი გადაწყვეტილება", - ამბობს ადვოკატი. მისივე განმარტებით, აქციის სამი მონაწილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, რადგან პოლიციამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მათ ხელში პლაკატი ეჭირათ.
აქცია არა პანორამა თბილისს კვირას, 19 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციამ იმ მიზეზით დააკავა, რომ მათ თან ჰქონდათ პლაკატები, უცენზურო წარწერით. ათ დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.





