სააკაშვილი უკრაინაში

კოლომოისკი სააკაშვილს სასამართლოში უჩივის

იგორ კოლომიოისკი
facebook.com/S.Vitvitska

უკრაინელი ბიზნესმენი, დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი ოდესის გუბერნატორის მიხეილს სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. კოლომოისკი სააკაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

„ვაპირებ სააკაშვილს სასამართლოშიო ვუჩივლო. მან თქვა, რომ აქვს მასალები კონტრაბანდასთან ჩემი კავშირის შესახებ. მეორე- ქრთამი. მამ თქვა, რომ მის ხალხს ქრთამს ვთავაზობდი. საუბარია საქართველოს გენერალურ პროკურორზე, შინაგან საქმეთა მინისტრზე და პრემიერმინისტრზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მოვდივარ რაღაც საგადასახადო პრობლემების განსახილველად და ქრთამს ვაძლევ პრემიერმინისტრს და გენპროკურორს?" - განუცხადა კოლომოისკიმ ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს გუბერნატორად არ მიიჩნევს, რადგან ის „შაბაშნიკია" და „პოლიტიკურ საშოვარზეა". კოლომოსკის აზრით, სააკაშვილი „გულის სირღმეში საქართველოზე ოცნებობს", ამავე დროს, „უკრაინის პრეზიდენტის სავარძლისკენაც იყურება".

რამდენიმე დღის წინ ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დნეპტროპტროვსკის ყოფილი გუბერნატორი და გავლენიანი ბიზნესმენი იგორ კოლომიოსკი ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში დადანაშაულა. სააკაშვილის თქმით, კოლომოისკი მას პირადად ემუქრებოდა.

„მაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება და ამიტომაც ნერვიულობს თქვენი არხის მფლობელი. რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ვერ მომისყიდის და ვერ დამაშინებს, მან მუქარები უკვე შემომითვალა. როდესაც ის საქართველოში მუშაობდა, ეს მისთვის პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობამ გადასახადების გადახდა აიძულა. ჩვენი სამართალდამცველების პატიოსან ნაწილს უკვე აქვს სერიოზული მტკიცებულებები იმის თაობაზე, როგორ ხდება ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება, მოძრაობა საბაჟოზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ 1+1-ის ეთერში.

ოდესის გუბერნატორისა და კოლომოისკის გუნდის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სააკაშვილი ქალაქ ჩერნიგოვში ჩავიდა, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პოროშენკოს ბლოკის კანდიდატის მხარდასაჭერად, რომლის მეტოქეც კოლომოისკისთან დაახლოებულ ბიზნესმენია.

კომენტარები