საარსებო შემწეობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

ენმ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის აღდგენას ითხოვს. პარტიის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ შემოღებულმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალმა მეთოდოლოგიამ, ათასობით ადამიანი დატოვა შემწეობის გარეშე.

„დავით სერგეენკოს მიერ 2014 წლის დეკემბერში შემოღებულმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალმა  მეთოდოლოგიამ ბოლო 7 თვის განმავლობაში 40 000 ადამიანი დატოვა შემწეობის გარეშე. მათგან 11 000 პენსიონერია, უმეტესად მარტოხელა მოხუცები. ამით მთავრობა თვეში 2 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.

ათი ათასობით  ადამინისთვის საარსებო შემწეობის მოხსნის ფონზე ცინიკურად გამოიყურება პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დენის ტარიფის ნამატს სახელმწიფო დაუფარავს. რა ქნან იმ ადამიანებმა ვინც, სერგეენკოს მიერ შემოღებული არასწორი მეთოდოლოგიის გამო მაღალი ქულები მოუვიდათ და საარსებო შემწეობის გარეშე დარჩენენ?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღეს აძლევს პრემიერ ღარიბაშვილს, მოიწვიოს მთავრობის საგანგებო სხდომა და მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოყრილი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენის შესახებ“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები