NATO-ს საბჭოს სხდომა

NATO-მ თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა

RFERL

ბრიუსელში NATO-ს საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელიც თურქეთში შექმნილ სიტუაციას მიეძღვნა. სირიის საზღვართან სისხლიანი ტერაქტის შემდეგ თურქეთმა NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლით ისარგებლა, რომელიც რომელიმე წევრისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციების გამართვას ითვალისწინებს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ის თურქეთის მიერ ისლამური სახელმწიფოს წინაააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას მიესალმა.

"დღევანდელმა შეხვედრამ თურქეთის მიმართ ჩვენი ძლიერი სოლიდარობა აჩვენა. ჩვენ გავაგრძელებთ NATO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას. თურქეთს NATO-სთვის რაიმე დამატებითი სამხედრო დახმარება არ მოუთხოვია. მივესალმები თურქეთის გაზრდილ ძალისხმევას ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. თურქეთი ასევე თავის ტერიტორიაზე ამზადებს სირიის ზომიერ ძალებს და საკუთარ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი დევნილი მიიღო", - თქვა სტოლტენბერგმა.

ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის პარალელურად, თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიის აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ ანკარა ქურთ მებრძოლებთან სამშვიდობო შეთანხმებას წყვეტს, ვინაიდან ქურთებმა თურქ ძალოვნებზე თავდასხმები განაახლეს.

 

კომენტარები