ვანო მერაბიშვილის საქმე

სააპელაციომ, მერაბიშვილის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

www.ipn.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების გერონტი ალანიასა და ვალერიან მეტრეველის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დარჩა. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული განაჩენით ივანე მერაბიშვილი ცნობილია დამნაშავედ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით. 

"უკვე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერაა დადასტურებული, რომ ივანე მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა ამ დანაშაულში, კერძოდ:

2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე-ბარ "შარდენბარში", სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა  სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე. 
გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ამ ფაქტიდან მეორე დღეს, ქ.თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის მერაბ ბაღათურიას მიერ მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრ ი.მერაბიშვილის ინფორმირება, როგორც სუფრის წევრების შემადგენლობის, ასევე გირგვლიანის გამტაცებლების, "კუდ"-ის თანამშრომლების ვინაობის თაობაზე, შესაბამისად, ი. მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო დავით ახალაია, ხოლო შელაპარაკების ადგილას - "შარდენბარში" იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი. 
იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტის გამოაშკარავებით ივანე მერაბიშვილს მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება და თანამდებობის დატოვება, იგი დავით ახალაიასთან ერთად შეუდგა საქმის გაყალბებას და დანაშაულის დაფარვას. გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა დავით ახალაიას „საიდუმლო“ წერილი ი.მერაბიშვილისადმი,  თავის მხრივ, ი.მერაბიშვილის „საიდუმლო“ წერილი საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის - ზურაბ ადეიშვილისადმი, რომ თითქოს დავით ახალაიას ძალისხმევის შედეგად გამოაშკარავებულ იქნენ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა, რომლებიც 2006 წლის 6 მარტს მიეცნენ ბრალდებულად პასუხისგებაში. 
ხსენებულ პირებს, სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, დავით ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ, ივანე მერაბიშვილმა და დავით ახალაიამ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება, რითაც ხელი დააფარეს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და გააყალბეს საქმის გამოძიება", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ივანე მერაბიშვილისთვის ეს უკვე მესამე გამამტყუნებელი განაჩენია. იგი ამჟამად სასჯელს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და 2011 წლის 26 მაისს, მოქალაქეთა მასობრივი დაკავებისა და დარბევის ბრძანების გაცემისთვის იხდის. 

 

კომენტარები