ტელეკომპანია რუსთავი 2

რუსთავი 2-თან დაკავშირებით აგულაშვილისა და კალაძის განცხადებები განსხვავებულია

რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის კაბინეტის წევრმა, გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ არის მოტივირებული, რომ რაიმენაირად ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობას. ერთი წლის წინ კი განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. კალაძემ განაცხადა - "თქვენ ცხრა წლის განმავლობაში, თავდასხმის მეტს ჩვენი მიმართულებით არაფერს აკეთებდით, ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ ეს." კალაძის განცხადებიდან მალევე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თუკი რუსთავი 2-ზე განხორციელდა ზეწოლა ის მისი დამცველი იქნებოდა. 

 

"ფრაზას „ამის უკან ხელისუფლება დგას“ მე გამოვრიცხავ, ნამდვილად არ არის მოტივირებული რაიმენაირად ხელისუფლება, რომ ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობას, პირიქით, მე ვფიქრობ ხელისუფლება დგას და უნდა იდგეს კიდეც დამოუკიდებელი მედიის სადარაჯოზე."- განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ის იმედოვნებდა, რომ რუსთავი 2 კანონიერ მფლობელს დაუბრუნდებოდა. კალაძე გასულ წელს რუსთავი 2- მისი და ქურდული სამყაროს სავარაუდო კავშირის გაშუქებისთვისაც აკრიტიკიებდა. 

კახა კალაძის განცხადებებიდან ორი კვირის შემდეგ საქართევლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ზე ზეწოლის არსებობის შემთხვევაში ის მისი დამცველი იქნებოდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსთავი ორის ქონება სრულად დაყადაღებულიყო. სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

კომენტარები