კარბელაშვილის დაკავება

გაბაშვილი კარბელაშვილის დაკავებაზე: ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია

გოკა გაბაშვილი
მეორე არხი

ეს იყო გიორგი კარბელაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა კარბელაშვილის დაკავების ფაქტზე გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაბაშვილის თქმით, კარბელაშვილი იმყოფებოდა ომში დაღუპული გმირის დავით ბლიაძის მოსახსენიებელ საღამოზე, სადაც მისი თანამებრძოლებიც იყვნენ. იქიდან წამოვიდა დავით ბლიაძის ბიძაშვილთან, ელგუჯა ბლიაძესთან ერთად და მათ გზა პოლიციამ გადაუღობა.

„ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ეს არის აშკარა პროვოკაცია, აშკარა უფლებამოსილების გადამეტება და ჩვენ კარგად გვესმის, ამ ხელისუფლების პოლიტიკური პრიორიტეტები სად იმყოფება. ეს არის მსგავსი პროვოკაციები ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, მით უმეტეს, ასეთ სამარცხვინო პროვოკაციას. არავინ არ ითხოვს პრივილეგიებს და იმას, რომ შემოწმება არ ჩაუტარდეს რომელიმე დეპუტატს, მაგრამ ყველაფერი, თუ როგორ მოხდა ეს, პოლიციელების რაოდენობა, მათი აგრესია და შეგნებული წასვლა პროვოკაციაზე - ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო კარბელაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია", - განაცხადა გაბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში დააკავეს. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა - უშედეგოდ. ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს, რასაც შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირება მოჰყვა კარბელაშვილის ოსიაურიდან გორში გადაყვანასაც.

ამ დროისთვის დეპუტატი გათავისუფლებულია, ელგუჯა ბლიაძე კი კვალვაც პატიმრობაში რჩება.

„ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტის გამოძიებას, მათ დასჯას, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა და ასე მოიქცა და, რა თქმა უნდა, ელგუჯა ბლიაძის სასწრაფო გათავისუფლებას. მაშინ როცა მართლაც კამერების თანდასწრებით, სახალხოდ, ქართული ოცნების მომხრეები შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს პატრულის თანამშრომლებსა და პოლიციას, ამაზე თვალები იხუჭება, მეორეს მხრივ კი, ჩვენი წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება ასეთი შეგნებული პროვოკაცია", - განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები