ტელეკომპანია რუსთავი 2

მიატოვიჩი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი საქართველოში

დუნია მიატოვიჩი
OSCE

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელ დუნია მიატოვიჩის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკუთრების დავის შესახებ შესაძლოა, თავისუფალ მედიასა და მედიაპლურალიზმს საფრთხე შეუქმნას.

"სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითი ეფექტი იქონიოს რუსთავი 2-ის თავისუფალ მუშაობაზე. გადაწყვეტილება არის არაპროპორციული და გადაჭარბებული და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს საქართველოში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი ქვეყანაში", - თქვა მიატოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი წარმოებაში გუშინ მიიღო. ყადაღის შესახებ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია ხვალ გაასაჩივრებს.

კომენტარები