პურის ფასი

შემოსავლების სამსახური: ფქვილის და ხორბლის იმპორტი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, "ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს". შემოსავლების სამსახური
ფქვილზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

"გეზში საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულდება ერთ დღეში. ამის დასტურია სტატისტიკური მონაცემები - თუკი 2013-2014 წლებში 209 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, 2015 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, შემოსულია 240 ათასი ტონა ხორბალი. ამავე პერიოდში ზრდის ტენდენცია აღინიშნება ფქვილის იმპორტთან დაკავშირებითაც", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ცნობისთვის, პურის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე იფქლი, უახლოეს მომავალში საკუთარ ქსელში პურის ფასის 10 თეთრით მატებას არ გამორიცხავს. კომპანიაში პურის გაძვირების აუცილებლობას ფქვილის ფასის ზრდით ხსნიან. გასული პერიოდის მანძილზე პურის ფასმა ერთ ტომარაზე 44 ლარს მიაღწია, პურის არსებული ფასი კი ტომარა ფქვილზე 37 ლარით იყო გაანგარიშებული.

იფქლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფქვილის ბაზარი არასაკმარისად ღიაა და ქვეყანაში მის იმპორტირებას პრაქტიკულად მხოლოდ ერთი კომპანია ეწევა. იფქლმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფქვილის შემოტანის საკუთარი პროექტიც განახორციელა, თუმცა კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათ გარკვეული საბაჟო დაბრკოლებები შეექმნათ, რის გამოც ტვირთის მიღება დაგვიანდა.

საქართველოში ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია აგრიკომის გენერალური დირექტორის კოკი ოსიპოვის თქმით, უკანასკნელ პერიოდში ფასის ზრდა ორ ფაქტორს უკავშირდება - ხორბლის მარაგის შემცირებას, სანამ მას ახალი მოსავალი ჩაანაცვლებს და ფქვილის ხარისხის კონტროლის ზრდას.

პურის გაძვირების მიზეზებზე ოპოზიციაც საუბრობს.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, კობა სუბელიანის თქმით, ფქვილის ბაზარზე მონოპოლიის გაჩენას მთავრობა უწყობს ხელს. პურის მოსალოდნელი გაძვირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი .

საქართველოში ფქვილის იმპორტს გასული წლების მანძილზე რამდენიმე მსხვილი იმპორტიორი ახდენდა, თუმცა უკანასკნელი პერიოდის მანძილზე მათმა ნაწილმა იმპორტის მოცულობა შეამცირა და არსებული წისქვილკომბინატებიც დახურა, რის გამოც ბაზრის მთავარ მოთამაშედ კომპანია აგრიკომი იქცა. 

კომენტარები