ენმ ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

სერგო რატიანი
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. საპარლამენტო უმცირესოის წევრის სერგო რატიანის შეფასებით, საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა. რატიანი აღნიშნავს, რომ ორი ახალი პარლამენტარის არჩევა ვითარებას არ შეცვლის და ქვეყანას არსებული კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

"მთავრობა დაკავებულია ფუნდამენტალისტური ჯგუფების, ძალადობისა და დაუსჯელობის სინდრომის წახალისებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის პოლიტიკური დევნით, რის შედეგადაც ქვეყანაში გაჩნდა არაერთი პოლიტპატიმარი. აშკარაა, რომ ქართული ოცნების მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ 2015 წლის შემოდგომაზე საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ამომრჩეველის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა. აშკარაა, რომ ორი ახალი პარლამენტარის არჩევა არ შეცვლის ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას არსებული კრიზისიდან. აქვე აღსანიშნავია ოპოზიციური არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ერთიანი პოზიცია, რომლებმაც უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ენმ გაუმართლებლად მიიჩნევს საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში თავისი კანდიდატების მონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საკონსტიტუციო მექანიზმს, რათა უხლოეს მომავალში მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მმართველობა, რომლის ყოველი დღე ასე ძვირი უჯდება საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა რატიანმა. 

ცნობისთვის, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმაც განაცხადეს. 

კომენტარები