მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

23 აგვისტოს სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება

სტალინი და რიბენტროპი საბჭოთა-ნაცისტური პაქტის ხელმოწერის შემდეგ
wikipedia.org

დღეს, 23 აგვისტოს, ევროპა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ევროპის პარლამენტმა, ისევე როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ის 2009 წელს დააწესა, როგორც - ”ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლთა საერთოევროპული დღე”. დეკლარაციას საქართველო 2010 წელს შეუერთდა. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რითაც ხელისუფლებას დაავალა ეს დღე აღენიშნა:

"...ვინაიდან ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს უნდა მიეცეს როგორც სამართლებრივი და ისტორიული, ასევე პოლიტიკური შეფასება, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას ზემოხსენებული დანაშაულებების ყოველგვარი გამართლება;

ვინაიდან წარსულის მიუკერძოებელი შეფასება მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და ვინაიდან ტოტალიტარიზმის ასეულ მილიონობით მსხვერპლთა ხსოვნა არ უნდა მიეცეს დავიწყებას;

ვინაიდან 23 აგვისტო ევროპის პარლამენტის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2009 წელს გამოცხადდა ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ...".

ეს არის ამონარიდი საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებიდან, რომლითაც 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.

1939 წლის 23 აგვისტოს ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა - საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გააფორმეს. ამ პაქტს საიდუმლო პროტოკოლი ერთვოდა, რაც ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფას ითვალისწინებდა. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. სტალინის რუსეთსა და ჰიტლერის გერმანიას შორის კი ომი მხოლოდ მაშინ გაჩაღდა, როდესაც ორი ტოტალიტარული ლიდერი მსოფლიოს გაყოფაზე ვერ შეთანხმდა.

მეორე მსოფლიო ომში ანტიფაშისტური კოალიციის გამარჯვებამ ნახევარი ევროპა ტოტალიტარიზმისგან იხსნა. მეორე ნახევრისთვის, რომელიც კომუნისტური რეჟიმის გავლენის ქვეშ მოექცა, მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ 1991 წელს, საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ დასრულდა. „გვამების წარმოებაში სტალინი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ჰიტლერი, - წერდა პოლონელი ფილოსოფოსი, ლეშეკ კოლაკოვსკი, - ნაცისტურმა სახელმწიფომ მხოლოდ 12 წელი იარსება...”. კომუნისტური ტერორი კი მეტხანს გაგრძელდა და მეტი ხალხი გაანადგურა. ფაშისტური რეჟიმის მსგავსად, რომელსაც განაჩენი ნიურნბერგის ტრიბუნალმა გამოუტანა, კომუნიზმი ჯერჯერობით არ გაუსამართლებიათ.

კომენტარები