კრიმინალი

პროკურატურა ლევან გვაზავასა და მის დეიდაშვილზე თავდასხმას გამორიცხავს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა შს მინისტრის ყოფილ მოადგილესა და მის დეიდაშვილზე თავდასხმის ვერსიას გამორიცხავს. სპეციალურ განცხადებაში პროკურატურა შემთხვევის გარემოებებს აღწერს და ამბობს, რომ თბილისი-კოჯორის გზაზე ლევან გვაზავამ იარაღი უმიზეზოდ ამოიღო, თანამგზავრების თხოვნის შემდეგ შეინახა თუმცა ცოტა ხანში მისი იარაღიდან გასროლა მოხდა, რასაც რევაზ კალომლეწავის სოცოცხლე ემსხვერპლა. ამის შემდეგ გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა თავის არეში.

"ზემოაღნიშნული გარემოებები და მათ შორის მანქანაში მომხდარი ორი გასროლის ფაქტი დადასტურებულია როგორც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, ასევე შემთხვევის ადგილზე მოკლე დროშივე მისული მოწმეების ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რის შედეგადაც ნანახი და ამოღებულია სავარაუდოდ ,,გლოკი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მხოლოდ ორი მასრა, ტყვიის ერთი გულა და ლევან გვაზავას კუთვნილი "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.ამდენად, გამოძიების მოცემულ ეტაპზე მოპოვებული მასალებით გამოირიცხა ლევან გვაზავაზე და რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია.ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში დაზუსტდება კვალიფიკაცია და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რის თაობაზეც ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წავკისი-ტაბახმელას გზაზე დაჭრილი ლევან გავაზავას ჯანმრთელობის მდგომრეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ინგოროყვას კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას ოპერაცია დაახლოებით 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმ-რეანიმატოლოგ კონსტანტინე მუმლაძის განცახდებით, გვაზავას ტყვია ქვედა ყბიდან სახის მიდამოში აქვს მოხვედრილი და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში რჩება მძიმე. ის იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, არის სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ. გრძელდება ინტენსიური თერაპია და მკურნალობა. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის გამო, სახის ძვლების ოსტეოსინთეზი" - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

ინგოროყვას კლინიკასთან იმყოფებიან ლევან გვაზავას ნათესავები, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები