ტელეკომპანია იმედი

რეაქცია და იმედის კვირა: ვეჭვობთ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

რეაქციისა და იმედის კვირის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათთვის მიუღებელია ტელეკომოპანია იმედის მენეჯმენტის განმარტება. პროდიუსერების და ჟურნალისტების შეფასებით, "საეჭვოა, კომერციულ არხს მაღალრეიტინგული, პოპულარული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები საკუთარი ნებით შეეჩერებინა ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყისში, თან არჩევნებამდე 1 წლით ადრე". გარდა ამისა, მათთვის მიუღებელია ის ფორმაც, რომლითაც არხის მენეჯმენტმა პოლიტიკური გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება გაახმოვანა.

"29 აგვისტომდე არცერთი მინიშნება და შეტყობინება შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს არ მიუღიათ. ჩვენ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უკმაყოფილო განცხადებები ამ გადაცემების მისამართით.

იმედია, ტელევიზიის ხელმძღვანელობა საჯაროდ ახსნის გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს და მოტივს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რის გამო მოხსნეს ეთერიდან არხის ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანი ინგა გრიგოლია.

გვინდა, გვჯეროდეს, რომ ტელეკომპანია იმედი არ დარჩება პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თოქ-შოუების გარეშე და ჟურნალისტებს მიეცემათ თავისუფალი მუშაობის საშუალება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები