კრიმინალი

ადვოკატ რობინზონ ხურცილავას თავს საკუთარ სახლში დაესხნენ

Getty Images

ადვოკატ რობინზონ ხურცილავას თავს საკუთარ სახლში დაესხნენ. რუსთავი 2-ის ცნობით, დღეს გამთენიისას, ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში ხურცილავას სახლში ცეცხლსასროლი იარაღით შეირაღებული რამდენიმე პირი შეიჭრა. თავდამსხმელებმა ადვოკატს და მის მეუღლეს სცემეს და ძვირფასი ნივთები წაიღეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რობინზონ ხურცილავას სახის ძვლები აქვს დამსხვრეული და მას ოპერაცია უკეთდება. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

რობინზონ ხურცილავას ოჯახის დაყაჩაღებაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მან ხელისუფლებას სთხოვა, მომხდარი ფაქტი პირად კონტოლზე აეყვანა. ბობოხიძის შეფასებით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ხელისუფლების ღირსების საკითხია.

„ეს არის ის ადვოკატი, რომელმაც ყველა სარჩელი მოუგო ხონის რაიონის გამგეობას, უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არის ადვოკატი, რომელიც საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა პირველ ოქტომბერს მის მიერ გაკეთებულ არჩევანთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვთხოვ ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აიყვანოს ეს საქმე. მით უფრო, რომ მსგავსი ტიპის სისასტიკით ჩადენილი დანაშაული არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. მიმაჩნია, რომ ეს არის თქვენი ხელისუფლებისათვის ღირსების საკითხი,“ - თქვა ბობოხიძემ.

კომენტარები