სიძულვილის ენა

NGO-ები: ხულოს საკრებულო ხელს უწყობს ქსენოფობიისა და სიძულვილის გაღვივებას

ხულოს მუნიციპალიტეტის დროშა
wikipedia.org

სამოქალაქო პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურება, და ამავე მუნიციპალიტეტის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიშში სიძულვილის ენასა და არმენოფობიული ხასიათის გამონათქვამებზე რეაგირებას მოითხოვს.

ანგარიშში სომეხი ეთნოსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული:

"მის ჭკუა კი აქვს სომეხ სააკას გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს, უდანაშაულოდ ჩახოცილი აფრასიძეების საქმეს, ქუჩაში არაკაცურად მოკლული გურამ შარაძის საქმეს, ასევე ქუჩაში ასორმოცდაათამდე მოკლული ბიჭების საქმეებს, შვილმოკლული მამის, შვილის საფლავზე აფეთქების საქმეს, ე.წ. "ნავთლუღის ოპერაციის" საქმეს, სადაც სამი ჩვენი თანარაიონელი სრულიად უდანაშაულოდ ჩახოცეს. რომელი ერთი ჩამოვთვალო!" ... "დღეს სააკა ამერიკის ხელდასმით რაღაც-რაღაცებს ჩალიჩობს, მაგრამ ჯამში რუსულ საქმეს უფრო აკეთებს".

"თითქოსდა ქართველთა უბედურება არ ეყო დღეს ეს ღორი უკრაინის ტრამალებს ჩიჩქნის თავის ბინძური დინგით", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ფრაქციის თავმჯდომარის არმენოფობიული და სიძულვილის ენის შემცველი მასალების ოფიციალური უწყების ვებგვერდზე განთავსებით, ხულოს საკრებულო ხელს უწყობს ქსენოფობიისა და სიძულვილის გაღვივებას, სადაც კონკრეტული ეთნოსის კუთვნილება წარმოდგენილია, როგორც სასირცხვილო მოვლენა. 

"მივმართავთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს:

  • დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე და ვებ-გვერდიდან მოხსნას ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი შინაარსი;
  • საკრებულომ შეიმუშაოს შიდა რეგულაციები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების პრევენციას მოახდენს და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

მივმართავთ სახალხო დამცველს:

  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე.

მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას":

  • შიდაპარტიული მექანიზმების გამოყენებით რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ქსენოფობიურ გამოხატვაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:


    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

    მედიის განვითარების ფონდი, MDF

    საფარი

    იდენტობა

    საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS

    ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA

    საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, TI

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC

 

კომენტარები