თავდაცვა

რატომ არ უნდა გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური?

გიორგი ნონიაშვილი
0 კომენტარი

წლების განმავლობაში, საქართველოში არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.  უკანასკნელი კვირის მანძილზე კი, ამ ინიციატივით პოლიტიკური მოძრაობა - „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ გამოვიდა.

მათ შემდეგი არგუმენტები აქვთ:

  • გაწვეულ კაცთა მხოლოდ მეოთხედი გადის რეალურ სამხედრო წვრთნას, ხოლო დანარჩენი ყარაულის ან/და დაცვის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში; - ე.წ. „უფასო მუშა ხელი“; (აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამის გარდა სხვა არგუმენტი არ არის წარმოდგენილი);
  • გაწვეულთა უმრავლესობა ტვირთად აწვება ოჯახს. ისინი 1 წლის განმავლობაში ვერ მუშაობენ, ვერ სწავლობენ, ვერ ეხმარებიან ოჯახს ფინანსურად, იძულებულები არიან სამსახურიდან წამოვიდნენ და ა.შ. ადამიანები კარგავენ დროს;
  • სამხედრო სამსახურს ძირითადად გადიან ის ადამიანები რომლებიც ხელმომჭირნედ ცხოვრობენ და ვალდებულებას გვერდს ვერ უვლიან  სხვადასხვა გზებით;
  • წვევამდელთა ნაწილს საერთოდ არ მიუწევს გული სამხედრო სამსახურისკენ. მიუღებელია იძულება;

წარმოდგენილი არგუმენტების მიხედვით, თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხედვა არაეფექტურია, მაშინ საჭიროა მისი ნაწილის გაუქმება. აქვე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მსოფლიოში სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით სხვადასხვა ხედვები არსებობს, რომლებიც მეტწილად დამოკიდებულია საფრთხეებთან დაკავშირებულ წარმოდგენებზე. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები და შევეცადოთ მასზე პასუხის გაცემას.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო თავდაცვისუნარიანობის კუთხით?

ნათელია, რომ დღეს არსებული სამხედრო სისტემა არაეფექტურია. მხოლოდ გაწვეულთა 35-40%-იღებს რეალურად იმ სამხედრო უნარებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის გამოდგება თუ ამის საჭიროება გაჩნდა.  ჩავთვალოთ, რომ დანარჩენ 60%-თან დაკავშირებით გაწეული ხარჯი არაეფექტურად არის გამოყენებული.  ისიც ნათელია, რომ საქართველოს გეოგრაფიული, პოლიტიკური, უსაფრთხოების გამოწვევები პრინციპულად განსხვავდება ლუქსემბურგისგან. საქართველოს სჭირდება  მყარი სისტემა, რომელიც იქნება როგორც თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელი, ისევე ქვეყნის ერთიანობისა და ბრძოლისუნარიანობის სიმბოლო. რა შედეგს მივიღებთ ისედაც ტოტალურად ფრუსტრირებულ მოქალაქეებში, რომლებსაც არ სჯერათ ქვეყნის მომავლის, რადგან ხედავენ არსებობისთვის დიდ საშიშროებებს?!

თუ სისტემაში არსებული პრობლემები რეალურია, ეს არ ნიშნავს იმას რომ სისტემა აუცილებლად უნდა გაუქმდეს.  შესაძლებელია მისი რეფორმირება, რომელიც ერთის მხრივ გააუმჯობესებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და მეორესმხრივ, აღმოფხვრის იმ არაეფექტური  ადამიანური თუ ფინანსური რესურსების ხარჯვას, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე. თუმცა, მანამდე სანამ ალტერნატიულ თავდაცვის მოდელებს შევეხებით, ზოგადი კთითხვა უნდა დავსვათ:

საერთოდ საჭიროა კი სავალდებულო სამხედრო სამსახური?

მიუხედავად 21-ე საუკუნის სწრაფი ტექნოლოგიური წინსვლის, სამხედრო მოსამსახურე თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მაინც შეუცვლელია. ტექნოლოგიებსა და ჯარისკაცს შორის არჩევანის კეთება ჯერჯერობით მაინც სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ რჩება, რომელსაც მინიმალურად უახლოვდება განვითარებული ქვეყნების ნაწილი კოლოსალურად დიდი სამხედრო ბიუჯეტის ხარჯზე. რეალობა კი ის არის რომ  ჩვენც და ჩვენს შესაძლო და არსებულ მოწინააღმდეგეებს ახლო მომავალში გაუჭირდებათ მაღალტექნოლოგიური და მინიმალური ადამიანური რესურსების მქონე არმიის შექმნა.

საქართველოს ჰყავს საკონტრაქტო სამხედრო სამსახური.  სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეები იღებენ ხელფასსა და სხვადასხვა სოციალურ სარგებელს სახელმწიფოსგან. ის თავდაცვის სისტემის გამოცდილი, გაწვრთნილი და პროფესიონალური ნაწილია, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებშიც იღებს მონაწილეობას.

ამის გარდა, ჩნდება დამატებითი სამხედრო მოსამსახურეების არსებობის საჭიროება, რომელიც თავისთავად ვერ იქნება ისეთი გაწვრთნილი როგორიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურია.  თუმცა, ეფექტური კოორდინაციის პირობებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. მას შეუძლია აკეთოს ის რასაც მხოლოდ საკონტრაქტო სამხედრო სამსახური ვერ გაუმკლავდება ადამიანური რესურსების სიმცირის გამო: მოახდინოს ზურგის გამაგრება; საომარი მოქმედებების დროს ჩაიბაროს დასახლებული პუნქტების პატრულირება და კონტროლი; მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა საომარი სივრციდან; წინა ხაზის მომარაგება იარაღითა და სხვა საჭირო საშუალებებით;  სამხედრო სამსახურების რეგიონალურ სივრცეებად დაყოფის შემთხვევაში საკუთარი რეგიონის კონტროლი საომარ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში; რადიკალური საჭიროების შემთხვევებში კი ცხელ წერტილებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში.

სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტს. ხოლო ამ უკანასკნელის მიმართ, ჩვენ გვაკისრია იგივე სოციალური, თანასწორი ვალდებულებები როგორიც ერთმანეთის უფლებების დაცვის შემთხვევაში.

განა შეგვიძლია ვისაუბროთ უფლებებზე, მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობაზე, გადასახადებზე, თუნდაც ქვეყნის სოციალურ პოლიტიკაზე, თუ სახელმწიფოს არსებობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. 1921 წელს მიღებული შედეგი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ  რა გამოწვევებს უნდა ვაფასებდეთ ცივი გონებით.

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა არის სოლიდარული პასუხისმგებლობა ქვეყნის,მოქალაქეების, ოჯახისა და საკუთარი თავის წინაშე.  საინტერესოა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ისრაელი, თუ ის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს შეაფასებდა ისე, როგორც ჩვენ ახლა ვაფასებთ.  ან თუნდაც წარმოვიდგინოთ უკრაინის მცირერიცხოვანი საკონტრაქტო არმია, რომელიც ებრძვის ოკუპაციას. ხოლო მოქალაქეების უმრავლესობა გულხელდაკრეფილი, გვერდიდან აკვირდება მოვლენებს, იმ არგუმენტით რომ ისინი ამაში გადასახადებს იხდიან და ეს საკმარისია. ამ საკითხზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ სტერილური და ხანდახან  პოპულისტური მიდგომები ცოტა ხნით მაინც გვერდზე გადავდოთ.

სამხედრო სამსახურის მოდელს განაპირობებს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ  ამ მხრივ, იმ განვითარებული ქვეყნების მდგომარეობა, რომლის მაგალითებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების არგუმენტად მოჰყავთ, ჩვენი მდგომარებისგან არსებითად განსხვავებულია. თუმცა, ამის გარეშეც არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ევროპულ სივრცეში მყარად დგანან სავალდებულო სამხედრო სამსახურის საჭიროების პოზიციაზე. მაგალითისთვის, ნორვეგია, ავსტრია, შვეიცარია.

მიუხედავად იმისა რომ შვეიცარიის სოციალისტური მოძრაობები ითხოვდნენ ამ მოდელის გაუქმებას, 2013 წელს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, მოქალაქეების უმრავლესობამ (73% ) მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას. მაშინ შვეიცარიის თავდაცვის მინისტრი, უელი მაურერი აცხადებდა რომ “ სამხედრო სამსახურის გაუქმება დაარღვევს ერთიანობას ხალხსა და არმიას შორის”

აქვე, აღნიშვნის ღირსია, 2015 წლის გაზაფხულზე, ლიტვის პრეზიდენტის,  დალია გრიბაუსკაიტეს პოზიცია, რომ, ლიტვა განაახლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, რადგანაც ღელავს უკრაინაში არსებული მზარდი აგრესიის გამო. იმავე შეხვედრაზე, ლიტვის გენერალმა ზუკასმა განაცხადა რომ “გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. სამხედრო სამსახური ვერ იღებს იმდენ ჯარისკაცს, რამდენიც საჭიროა ლიტვისთვის. სამხედრო მოსამსახურეების ნაკლებობა წარმოადგენს რეალურ საშიშროებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის”

ამავე დროს, ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა სახელმძღვანელო პრინციპების ბუკლეტი, მოქალაქეების ქმედებების/ქცევის შესახებ, თუ რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ მიმართული აგრესია განვითარებას ჰპოვებდა მათ შორის ლიტვაში.

უნდა აღვნიშნოთ ტენდენცია, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური, ძირითად შემთხვევაში, როგორც პოლიტიკური ელიტისა, ისევე საზოგადოებრივი მოძრაობების მხრიდან აღქმულია ინკვიზიციურ მანქანად. სწორედ ისეთ სისტემად, როგორსაც საბჭოთა ჯარი წარმოადგენდა და მისი ნაშთები დღემდე მოგვყვება.  ეს არასწორია. სამხედრო სავალდებულო სამსახური, მხოლოდ ისეთი სახით არ არსებობს როგორც  ჩვენთან, აქ და ამ დროს.  

თავისთავად, ზემოთხსენებული ქვეყნების მოქალაქეები არ აწყდებიან იმ პრობლემებს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, რომელზეც ჩემი კოლეგები აპელირებენ. მაგალითისთვის, იგივე შვეიცარიის(მოსახლეობა 8 000 000) ჯარში, საშუალოდ 150 000 სავალდებულო სამხედრო სამსახურ გავლილი ირიცხება. (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში სულ 4 000) მიუხედავად ამისა, სამხედრო მოსამსახურეების მომზადების ვადები მაქსიმალურად შემცირებულია დროში.

ის დაყოფილია ნაწილებად. რეკრუტი პირველ ჯერზე გადის მაქსიმუმ 4 თვიან მომზადებას. ხოლო შემდეგი წლების განმავლობაში 2-2 ან 3-3 კვირიან წვრთნებზე იძახებენ. აქედან, 34 წლამდე სავალდებულო წვრთნებია, ხოლო შემდეგ, 52 წლამდე ნებაყოფლობითი კურსები ოფიცრებისთვის. ჯამში, მთელი ცხოვრების განმავლობაში სტანდარტული გაწვევის ხანგძლივობა არ აჭარბებს 260 დღეს. აღსანიშნავია, რომ წვრთნების დროსაც რეკრუტები შაბათ-კვირას სახლში ატარებენ. რაც შეეხება ე.წ. “შავ სამუშაოს”, (სამზარეულო, დალაგება, დარაჯი და ა.შ.) ეს სერვისები მთლიანად კერძო სექტორისთვის არის გადაცემული.  თუ რეკრუტი არ მუშაობს, წვრთნის დროს, მას დღეში 6 ფრანკს (დღევანდელი კურსით 14 ლარამდე) უხდიან. ხოლო თუ მუშაობს მას უნარჩუნდება სამსახურში არსებული ხელფასი. შვეიცარიის არმია ცნობილია განსაკუთრებული დისციპლინურობით. ზოგადად მოქალაქეები კი პატრიოტიზმით, რომლის განუყოფელი ელემენტია თავდაცვისუნარიანობა, რომლის მონაწილე მოქალაქეების უმრავლესობაა.

აირიდებ თუ არა სამხედრო სამსახურისგან თავს?

საქართველოს, ისევე როგორც ზემოთაღნიშნული ქვეყნების შემთხვევებში შესაძლებელია სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლება, გადავადება და ალტერნატიული სამსახურის გავლა უიარაღოდ. თავისთავად კანონი განსაზღვრავს სხვადასხვა მიზეზთა კრებას, რომლის შემთხვევაშიც არის ეს შესაძლებელი. ალტერნატიული სამსახურის გავლა შეუძლია იმ ადამიანს რომელიც „სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე“. მაგალითად, შვეიცარიის შემთხვევაში ალტერნატიულ სამსახურს პირები გადიან საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მიმართულ შრომაში - საავადმყოფოებში, მოხუცებულთა სახლებში, სარეაბილიტაციო ცენტრებში, დევნილებისა და ემიგრანტების დასახმარებლად მიმართულ სამსახურებში, სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დასახმარებლად და ა.შ.

რას ვაკეთებთ თუ უბრალოდ არ გვინდა არანაირი სამხედრო სამსახურის ან მისი ალტერნატიული შრომის გავლა? -  რთული იქნება იმის წარმოდგენა, თუ ვინ უნდა იმსახუროს ჯარში, ვინ უნდა უნდა აღიჭურვოს იმ უნარებით, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გამოდგება,  თუ მასზე სოციალურ პასუხისმგებლობას უმრავლესობა არ გაინაწილებს?!

სწორია თუ არა საქართველოს პოლიტიკურ კონტექსტში სოლიდარული პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადაბარება, სადაც ამ “სხვების” ყოფნა არ ყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება?! - ეს არ იქნება სწორი, ისევე როგორც უმრავლესობის მიერ მოწყვლადი ჯგუფების ჩაგვრის შემთხვევაში განზე გავდგეთ და არ გვქონდეს მოლოდინი რომ ჩვენი კომფორტის ზონაც დაირღვევა ადრე თუ გვიან.

საჭიროა თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური? -დიახ საჭიროა. თუმცა, არა იმ სახით როგორიც დღეს არსებული სისტემა. საჭიროა ძირეული ცვლილებები, რომელიც მიმართული იქნება არსებული ფინანსური საშუალებების პირობებში მაქსიმალურად ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი ჯარის ჩამოყალიბებისკენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები