რთველი 2015

კახელმა მევენახეებმა აქციები 14 სექტემბრამდე შეაჩერეს

David Mdzinarishvili / Reuters

კახელმა მევენახეებმა აქციები 14 სექტემბრამდე შეაჩერეს. ისინი 14 სექტემბრის 12:00 საათამდე დაელოდებიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გადაწყვეტილებას ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით. 

ამასთან, გუშინ აქციის მონაწილეებს შეხვდა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის 19 გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს, მათგან ოთხი - სახელმწიფოა. მისივე თქმით, დადგენილი ფასები არ გადაიხედება. სამანიშვილის განცხადებას მევენახეების პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, არსებულ ფასად ყურძენს არ ჩააბარებენ. მევენახეების თქმით, საფერავის ფასი ლარნახევარი უნდა იყოს, რქაწითელის კი, ერთი ლარი.

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

კომენტარები