გიგი უგულავას საქმე

პროკურორი: შესაძლებელია, დღეს უგულავას საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანოს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან. სხდომა 12:00-ზე იყო ჩანიშნული. რიყის და თბილსერვისის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. შემდეგ იქნება რეპლიკები და ბრალდებულის საბოლოო სიტყვა. დაცვის მხარე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, პროკურორი გიგა ძნელაძე კი არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღესვე გამოიტანოს.

"იმედია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც შეეხება რიყისა და თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდს, გამოცხადდება დაცვის მხარე მომზადებული, წარმოადგენს თავის დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც სასამართლო მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. სამართლებრივად და თეორიულად სავსებით შესაძლებელია, დღეს აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება", - თქვა ძნელაძემ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას შეფასებით კი, უმრავლესობის დეპუტატების განცხადებებით აშკარად იკვეთება, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და სასამართლო გადაწყვეტილება შეთანხმებულია მმართველ გუნდთან.

"საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საუბრობს, რომ უგულავას მიუსჯიან, კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს, რომ უგულავა მხოლოდ რამდენიმე საათს იქნება თავისუფალი ანუ ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და სასამართლოს გადაწყვეტილება შეთანხმებულია მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, ეს აშკარად იკვეთება ამ ადამიანების ღია განცხადებებით. ამის კიდევ ერთი დასტური მივიღეთ დღეს, როცა პროკურორმა სხვა საქმის გადადება მოითხოვა, იმისთვის, რომ როგორმე გაიმართოს თბილსერვისის პროცესი. ანუ აქ ისინი დაბეჯითებულად, გარანტირებულად დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლოსთან შეთანხმების გზით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც გიორგი უგულავას პოლიტიკურ პატიმრობას ხელახლა განაახლებს", - თქვა ბასილაიამ.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გუშინ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 

კომენტარები