ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას უშიშროების საბჭოს 11 მუდმივმოქმედი წევრიდან 7 ესწრება. სხდომაზე იმყოფებიან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

სხდომას არ ესწრებიან პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილია სამი საკითხი: 2016 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა, სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები. მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.

პრემიერის არ დასწრების მიზეზები დღეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტეს. მათი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმირებულია ყველა იმ საკითხის შესახებ, რომლებიც ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია შესული და სხდომაზე მის პოზიციას თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს.

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცებისთვის აუცილებელია საბჭოს სხდომაზე მუდმივმოქმედი 8 წევრის დასწრება.

ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილის სხდომაზე არ დასწრება ინსტიტუტების უპატივცემულობაზე მიუთითებს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი კი ამბობს, რომ როცა საუბარი ეხება საგარეო პოლიტიკას, აუცილებელია კოორდინაცია პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.

უშიშროების საბჭოს სხდომა 17:00 საათზე დაიწყო.

კომენტარები