მედიკამენტები რეცეპტით

რეგულირების სააგენტო: ფარმადეპოდან მედიკამენტები რეცეპტის გარეშე გაიცემოდა

ფარმადეპო

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოში დარღვევები აღმოაჩინა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფარმაცევტული საქმინობის კონტროლის სამმართველოს უფროსმა განაცხადა, ფარმადეპოდან მედიკამენტები გაიცემოდა ფორმა N3 რეცეპტის გარეშე, პლასტიკური ბარათის და ონლაინ რეცეპტის საფუძველზე, რასაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

"ჩვენ მიერ განხორციელდა რამდენიმე სატელეფონო ზარი, რის შემდეგაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე დანიშნული იქნა მედიკამენტები, მათ შორის ანტიჰიპერტენზული საშუალებები და ანტიბიოტიკები. მათი გაცემა ხდებოდა სააფთიაქო დაწესებულებიდან კანონის მოთხოვნების დარღვევით, ფორმა N3 რეცეპტის წარდგენის გარეშე" - აღნიშნა ნანა შაშიაშვილმა.

მისივე თქმით, შესაბამისი პლასტიკური ბარათები ფარმადეპოს აფთიაქებში გაიცემოდა და გარდა ამისა, მოსახლეობას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ ეს არის ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანიის ერთოლივი პროექტი. 

"აღნიშნული პროექტი არ წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და კომპანიის ერთობლივ პროექტს. მეტიც, ის ეწინააღმდეგება მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას" - განაცხადა ნანა შაშიაშვილმა.

მისივე თქმით, კონტროლის ღონისძიებების შედეგად შედგენილია 4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

გარდა ამისა, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ შპს „ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიურო ჯმსბ“-ში დასაქმებულნი არიან ექიმები, რომლებიც აწარმოებენ პაციენტთა სატელეფონო კონსულტაციას, რის საფუძველზეც, პაციენტის საპასპორტო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი), შეკრებილი ანამნეზი, ჩივილები და მიცემული დანიშნულება, „ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის“ ნაცვლად, შეაქვთ სპეციალურად შემუშავებულ ელექტრონულ პროგრამაში, რომელიც ეგზავნება ფარმადეპოს აფთიაქებს. რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ხუციშვილის განაცხადებით, აღნიშნული სქემით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებოდა სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის, საჭირო სამედიცინო კვლევების გარეშე, მხოლოდ ფარმადეპოს აფთიაქებში მიეღო მედიკამენტი.

"სამედიცინო დაწესებულების ექიმები მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავენ დანიშნულებას, ანუ მედიკამენტებს. ამ მედიკამენტების შესყიდვას მერე პაციენტი ახორციელებს ელექტრონული ბარათის საფუძველზე, მხოლოდ ფარმადეპოს ქსელში. დარღვევის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი კანონმდებლობით სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება წარმოადგენს ექიმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობას, ფუნქციას და ამ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არ ივსება სამედიცინო დოკუმენტაცია პაციენტებზე, ექიმები არ ნახულობენ პაციენტს, ატარებენ მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციას და ისე ნიშნავენ მკურნალობას. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო რეგულირების სააგენტომ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი შეავსო ბიუროს მიმართ და განსახილველად გადაეცემა სასამართლოს" - განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

 



კომენტარები