სახელმწიფო კერძო პარტნიორობა

სახელმწიფო ასანთის წარმოების დასაწყებად ინვესტორს ეძებს

theguardian.com/uk

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა კერძო ბიზნესის წარმომადგენელთათვის საინვესტიციო პროექტების, მათ შორის ასანთის წარმოების პრეზენტაცია გამართა. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კერძო ბიზნესისთვის სახელმწიფოს მხრიდან მზა პროექტების შეთავაზება აპრობირებული მიდგომაა და ისეთმა ქვეყნებმა, რომლებიც დღეს ეკონომიკურად არიან განვითარებულნი, წარმატებას სწორედ ამ გზით მიაღწიეს. 

ასანთის ბაზარი

ინდუსტრიულმა ჯგუფმა ასანთის ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოში ასანთის ბაზრის მოცულობა 165 მილიონ კოლოფს, ანუ $2 მილიონს შეადგენს. ადგილობრივი წარმოებისთვის სავარაუდოდ ფიჭვის გამოყენება მოხდება, რომლის მოცულობაც საქართელოში 2.2 მილიონ მეტრ კუბს შეადგენს.

პროექტის აღწერა

სახელმწიფოს შემუშავებული ბიზნესგეგმის მიხედვით, საწარმო დაკომპლექტდება სხვადასხვა მომწოდებლების მანქანა-დანადგარებით. ღერების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დამზადდება ადგილობრივად, ქიმიური მასალების მომწოდებლად კი განიხილება კომპანია "Arenco." პროექტის მიხედვით საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდება, მისი წარმადობა კი წელიწადში 70 მილიონი კოლოფი იქნება, რომლის გასაყიდი ფასიც 3-4 თეთრი, თვითღირებულება კი 1-2 თეთრი იქნება. 

ფინანსური მაჩვენებლები:

  • ინვესტიცია - $1.5 მილიონი
  • წლიური შემოსავალი - $1.05 მილიონი
  • ამონაგები - IRR 30%
  • შემოსავალი დაბეგვრამდე, ცვეთამდე EBITDA - $550 ათასი

სახელმწიფო ასანთის წარმოებისა და სხვა პროექტების განსახორციელებლად კომპანიებს მიწის ნაკვეთს ნომინალურ ფასად გადასცემს, ასევე შესთავაზებს პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში არსებულ იაფ სესხს, საპარტნიორო ფონდის წილობრივ ინვესტიციასა და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან ტექნიკურ დახმარებას. 

კომენტარები